Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათო ოქიტაშვილს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ

27 თებერვალი, 2015

oqita5“საქართველოს კულტურის პალატის” ხელმძღვანელს დავით ოქიტაშვილს უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ:

“რამდენიმე კვირაა „კულტურის პალატამ“ დათო ოქიტაშვილის თავმჯდომარეობით, აქტიური კამპანია დაიწყო „საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარებისთვის“. ამ ამბავმა ჩემი ყურადღება რამდენიმე ფაქტის გამო მიიქცია. პირველ რიგში, ესაა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობა და თავად ოქიტაშვილის ინტერვიუები, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველო შავ სიაშია კარგ არტისტებში, ამიტომ ისინი აქ არ ჩამოდიან, მისი ფესტივალი კი პირველი და გრანდიოზული ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რისი დახმარებითაც ჩვენ „შავი სიიდან“ გამოვალთ.

ამ სფეროში ჩაუხედავი ადამიანისთვის, მისი სიტყვები შეიძლება სარწმუნოც იყოს. თუმცა, რა მომენტიდან გადაინაცვლა „კულტურის პალატამ“ ნანი ბრეგვაძის კონცერტებიდან და მსახიობების ვარსკვლავების გახსნიდან, ელექტრონულ მუსიკაში, ჯერჯერობით ბუნდოვანია.
ეს განცხადებები გარდა იმისა, რომ შეურაცხმყოფელია იმ პრომოუტერებისთვის, კლუბებისთვის, ფესტივალებისთვის და იმ არტისტებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოსულან, ჩამოდიან და კიდევ ჩამოვლენ, ამასთანავე არის უპასუხისმგებლო და ზიანს აყენებს ამ სფეროს განვითარებას.

ელექტრონული მუსიკა საქართველოში 90-იანების ბოლოდან შემოვიდა. 2000-იანებში სწრაფად დაიწყო განვითარება არა მარტო კლუბურმა კულტურამ, არამედ ქართველმა ელექტრონულმა არტისტებმა, რომლებმაც არაერთი წარმატებული ალბომი და ჰიტი გამოუშვეს. ბოლო 5 წელია რაც ძალიან აქტიურად ჩამოდიან უცხოელი არტისტები, ტარდება ფესტივალები და უიკენდი ისე არ ჩაივლის, საკმაოდ მაღალი დონის უცხოელმა მუსიკოსმა რომ არ დაუკრას რომელიმე კლუბში ან დროებით ვენიუში. კონკურენცია იზრდება და შესაბამისად იზრდება მუსიკოსების ხარისხი და მრავალფეროვნება, როგორც ადგილობრივების, ასევე ჩამოყვანილების.

ქართველი მუსიკოსები წერენ და ყიდიან მუსიკას უცხოურ ლეიბლებზე, თანამშრომლობენ წამყვან არტისტებთან და პერიოდულად ტურნეებსაც მართავენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამის ნათელი მაგალითია Leon.

ჩვენ რეგიონში ეს სფერო ყველაზე მეტადაა განვითარებული და ამას მოწმობს მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობაც, რომლებიც კონკრეტულ ივენთებზე ჩამოდიან საქართველოში, რომ კლუბში გაერთონ და საინტერესო არტისტს მოუსმინონ.

წელიწადში ერთხელ, მაისში იმართება 4GB ფესტივალი, რომელიც გარდაცვლილ დიჯეის, გიო ბაქანიძეს მიუძღვნეს მეგობრებმა და ყოველ წელს მისი საყვარელი მუსიკოსები ჩამოყავთ. Tbilisi Summer Set ივენთების სერია, რომელიც თავდაპირველად ზაფხულში ტარდებოდა ბათუმში, ახლა კი სეზონური სახე მიიღო და წლის ყოველ სეზონზე 2 დღიანი ფესტივალი იმართება. Bassiani ახალი ვენიუ, რომელიც ახერხებს და ჩამოყავს ყველაზე აქტუალური ტექნო არტისტები და ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ბენ ქლოქი. კლუბი „მტკვარზე“,რომელიც მესამე წელია მუშაობს და გახსნიდან 2 თვეში “unsound“-ის ფესტივალს უმასპინძლა, მას შემდეგ კი სისტემატიურად ჩამოყავს უცხოელი არტისტები და მსმენელს მრავალფეროვან მუსიკას სთავაზობს. დიდი გალერეა, სადაც თვეში 1 ან 2 დიდი ივენთი იმართება და ათასობით ადამიანს იტევს. აქ შევჩერდები, იმიტომ რომ ყველაფრის ჩამოთვლა, შორს წაგვიყვანს.

ამ ყველაფერს თუ გადავხედავთ, ბატონი ოქიტაშვილი ან გულწრფელი არ არის, ან უბრალოდ საქმეში ჩაუხედავია, როდესაც საქართველოში ელექტრონული მუსიკის ჩამორჩენაზე საუბრობს და გადარჩენის გეგმას სახავს იმ სახელმწიფოს დახმარებით, სადაც დაფინანსება ვერ მოიპოვა “ელექტრონავტებმა“ – ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოებამ და წელს ვეღარ ტარდება.

ახლა კი ავხსნი, რატომ არის ოქიტაშვილის განცხადებები უპასუხისმგებლო და რატომ აზიანებს ამ სფეროს. ქლაბინგი არ ფინანსდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მათ შორის არც კულტურის სამინისტროსგან, რაც თავისთავად კარგია, რადგან კულტურის დაფინანსებას სახელმწიფოს საქმედ არ აღვიქვამ. კლუბებს, ფესტივალებს, სხვადასხვა ვენიუებს უწევთ დაფინანსების მოპოვება სპონსორებისგან, რადგან გაყიდული ბილეთებით შემოსული თანხით, ხარჯების დაფარვა შეუძლებელია. სპონსორი ძირითად შემთხვევაში ვერ ხვდება რას აფინანსებს, მისთვის მთავარია როგორ გამოჩნდება მისი კომპანია, პრომოუტერებს კი უწევთ ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომ ისინი ელექტრონული მუსიკის აქტუალურობაში დაარწმუნონ. იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ოქიტაშვილი ტელევიზიით, რადიოთი და სხვადასხვა სააგენტოებით გავრცელებულ ინტერვიუებში აცხადებს, რომ შავ სიაში ვართ და აქ კარგი არავინ ჩამოდის, მისი დაგეგმილი ღონისძიებების გარდა, ეს საფრთხეს უქმნის ამ სფეროში წლების განმავლობაში მომუშავე ადამიანებს, რადგან ამით სპონსორები ფრთხებიან.

წარმატებას ვუსურვებ „კულტურის პალატას“ წამოწყებაში და იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგში თავიანთ განცხადებებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებიან,” – წერს ქეთა გაბუნია თავის ბლოგზე.