Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ალენ დელონი: ’’მე ნუ დამადანაშაულებთ’’

11 თებერვალი, 2015

delon-23233232332ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი თბილისში ჩამოვიდა და 12 თებერვალს პაატა ბურჭულაძის 60 წლის საიუბილეო საღამოს სპორტის სასახლეში წაიყვანს.

კონცერტამდე ერთი დღით ადრე მსახიობი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა:

– საქართველოზე და ქართველების შესახებ არაფერი ვიცოდი, მხოლოდ 10 წლის წინ, როცა ედუარდ შევარდნაძემ და გორბაჩოვმა დამაჯილდოვეს, მაშინ გავიგე, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა. ახლა პირველად ვარ საქართველოში და ამას მე ნუ მისაყვედურებთ, უსაყვედურეთ თქვენს თავებს, ქართველებს, იმიტომ რომ აქამდე არასოდეს დამპატიჟეთ. არაფერი ვიცოდი ქართული კინემატოგრაფიის შესახებაც, მაგრამ დავინტერესდი და უნდა გავეცნო ქართულ კინოს. გეტყვით იმასაც, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს წლების წინ ცუდად ყოფნის დროს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ვკითხულობდი. ისიც დაიწერა, თითქოს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების კითხვის დროს ვისწავლე ქართული ლაპარაკი. ეს სიმართლე არ არის, მაგრამ ისე, უკვე მაინტერესებს ამ მწერლის შემოქმედება.

ალენ დელონს არ დაუმალავს, რომ მასზე განსაკუთრებული გავლენა ლუკინო ვისკონტიმ მოახდინა. სწორედ ამ რეჟისორმა შეაყვარა მსახიობს ოპერა:

– როცა რეჟისორებზე მეკითხებიან, სულ ვამბობ, რომ ჩემზე გავლენა რამდენიმე რეჟისორმა მოახდინა. მათ შორისაა ლუკინო ვისკონტი. ამ რეჟისორით გავიგე, რა არის ოპერა და ბედნიერი ვარ ამით. საერთოდ, არსებობენ რეჟისორები, რომლებიც არიან გენიოსები, საშუალოდ ნიჭიერები და არარაოებები. მე ვარჩევ გენიოსებთან მუშაობას და ალბათ, ამიტომაც არ ვმუშაობ სხვა დონის რეჟისორებთან. ჩემთვის გამორჩეულ როლებზე საუბარი რთულია, რადგან ყველა როლი მიყვარს. სიცოცხლე თამაშია და სწორედ ამითაა ეს ცხოვრებაც საინტერესო. მსახიობობა ლამაზი პროფესია, მსახიობები პენსიაზე არასდროს გადიან და ისინი სულ მუშაობენ, სიკვდილამდეც კი. მიყვარს ჩემი პროფესია, მან ბედნიერება მომიტანა. რაც შეეხება ჩემს წარმატებულ კარიერას, ეს დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ საქმის სიყვარულთან. მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომლებიც წარმატებას ვერ აღწევენ. ეს კი იმის ბრალია, რომ მათ თავიანთის საქმე არ უყვართ.

კინოს ლეგენდამ გვერდი ვერ აუარა სუსტი სქესის წარმომადგენლებზე საუბარს. ალენ დელონს არ დაუმალავს, რომ მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ქალი იყო და ისინი კარიერულ წინსვლაში დაეხმარნენ:

– 23 წლის ვიყავი, როცა სამხედრო სამსახური დავამთავრე. როგორც ამბობდნენ, ცუდი გარეგნობა არ მქონდა. ჩემს გარშემო ბევრი ქალი ტრიალებდა. ბევრი მათგანი მსახიობი იყო, თუმცა ჩემზე 8-10 წლით უფროსები იყვნენ. ისინი დამეხმარნენ სამსახიობო კარიერის დასაწყისში. მათგან გამოვარჩევ რომი შნაიდერს და ვიტყვი, რომ ის ჩემი ცხოვრების პირველი და მთავარი ქალი იყო.

ალენ დელონის ანგარიშზე 58 წლიანი სამსახიობო კარიერაა. როგორც მან ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მდიდარი და ბედნიერია, რადგან აქვს მსოფლიო აღიარება და ურიცხვი მაყურებლის გულწრფელი სიყვარული:

– რომ არა ჩემი პროფესია, მე დღეს თქვენს წინაშე არ ვიქნებოდი, ასეთი დიდი ინტერესი არ იქნებოდა ჩემი პერსონის მიმართ და ამდენი ვიდეოკამერა არ იქნებოდა ჩემსკენ მომართული. მადლობა ყველას ასეთი დიდი სიყვარულისთვის.

ბოლო პერიოდში ფრანგული კინოს ლეგენდა თეატრით არის გატაცებული და სხვადასხვა სპექტაკლებში იღებს მონაწილეობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის ის არის, რომ სპექტაკლებში თამაში შვილთან, 24 წლის ანუშკასთან ერთად უწევს:

– ჩემი შვილი, ანუშკა 24 წლის არის. ძალიან ნიჭიერი მსახიობია. მასთან ერთად სპექტაკლში ვითამაშე და დიდი კომფორტი ვიგრძენი, თუმცა სცენაზე დგომისას გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი, რომ ის ჩემი შვილია.