9 თებერვალი, 2015

სესილია თაყაიშვილის წერილი მომავალ მსახიობებს

sesiliaქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობის სესილია თაყაიშვილის გმირები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სწორედ მისმა ინდივიდუალურობამ გამოიწვია ის, რომ მისი პერსონაჟები მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა.

მსახიობი ყოველთვის დიდი სიხარულით აღნიშნავდა, რომ კოტე მარჯანიშვილთან მუშაობა, როგორც მსახიობისთვის, მისთვის გამორჩეული იყო და რეჟისორისგან ბევრი რამ ისწავლა.

„არტინფო“ გთავაზობთ სესილია თაყაიშვილის ერთ-ერთ წერილს, რომელშიც ის კოტე მარჯანიშვილის თვალით დანახულ მსახიობზე წერს და აღიარებს, რომ რეჟისორს აბსოლუტურად ეთანხმება.

ის ამ წერილით მსახიობთა მომავალ თაობებს მიმართავს და საკუთარ პროფესიაში ძირფესვიანად გარკვევას ურჩევს:

„ერთხელ კოტე მარჯანიშვილმა გვითხრა რეპეტიციაზე, თუ მსახიობი მართალია სცენაზე და მისი ცხოვრება საინტერესოა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სად გაიშლება ეს ცხოვრება – შეგიძლიათ სამიჯნურო სცენა  კარადის თავზე ითამაშოთ, მაყურებელი ამას არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს. არ შემიძლია მარჯანიშვილის ამ სიტყვების დავიწყება, მათში ჩაქსოვილია მისი უდიდესი სიყვარული მსახიობისადმი და რწმენა, რომ თეატრში მსახიობია უმთავრესი.

მეც ასე მწამს, მეც ძალიან მიყვარს მსახიობი. მრავალნაირი: ტრაგიკოსი და კომიკოსი, მომხიბვლელი და მუსიკალური, ლამაზი და მშრომელი, ახალგაზრდა და მთრთოლვარე, ხანდაზმული და ოსტატი…

განსაკუთრებით მიყვარს და პატივს ვცემ ისეთ მსახიობს, მტკიცედ რომ დგას რეალისტური ხელოვნების მიწაზე, გმირის სულში ჩაღრმავება რომ შეუძლია და ამის გადაცემა საზრიანად, აღელვებით, იმიტომ რომ არაა გულგრილი ადამიანის მიმართ ცხოვრებაში, იმიტომ რომ სცენაზე ადამიანია მთავარი მისთვის.“