8 თებერვალი, 2015

რეზო გაბრიაძის ბოლო თხოვნა

rezo7რეზო გაბრიაძესა და მის მარიონეტების თეატრზე ბევრიც თქმულა და ბევრიც დაწერილა, მაგრამ ამ ხელოვანისა და მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი არათუ ნელდება, არამედ დღითი დღე იზრდება და მარიონეტების თეატრის მიმართ სიყვარული მაყურებელში სულ უფრო ღვივდება.

რეზო გაბრიაძე და მისი თეატრი ამჟამად საგასტროლო ტურნეშია ჩაბმული, რომელიც მოიცავს რუსეთის დედაქალაქს მოსკოვს, ასევე სანკტ-პეტერბურგს და სხვა ქალაქებს. ამ გასტროლის ფარგლებში შედგება პრემიერა სპექტაკლისა “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, ასევე გათამაშდება რეზო გაბრიაძის სხვა დადგმები “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”, “სტალინგრადი” და “რამონა”.

სპექტაკლი-დღესასწაული “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” ეს არის კომედია სიყვარულზე. გენერალი თავადი ვანო ფანტიაშვილი იღებს დეპეშას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ პარიზში გარდაიცვალა მისი ნათესავი, ფრანგი მარშალი დე ფანტიე და მას დაუტოვა უზარმაზარი 8000 კარატზე მეტი ბრილიანტი “დე ფანტიე”. კუთვნილი მემკვიდრეობის მისაღებად თავადი ძველი თბილისის რამდენიმე მაცხოვრებელთან ერთად მიემგზავრება საფრანგეთში, სადაც მას თავისი ცხოვრების პირველი სიყვარული ელოდება.

ტრაგიკული “სტალინგრადისა” და ფილოსოფიური “რამონას” შემდეგ, სადაც ორი მატარებლის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” სავსეა იუმორით და კომედიური სიტუაციებით.

“როგორია ჩვენი გმირის სიყვარული? ამ კითხვაზე პასუხს მაყურებელი თავად გასცემს. ჩემი ბოლო თხოვნა კი იქნება, ნუ დაგვიშლით სისულელეების კეთებას, თორემ ყველაფერი ფილოსოფოსებს, პოლიტიკოსებს, პროფესორებს თუ ხელეწიფებათ, ჩვენ რაღა ვქნათ? არადა, დამიჯერეთ, სწორედ სისულელეებშია ცხოვრების სიტკბო და აზრი!”

წლებია მარიონეტების თეატრის სპექტაკლები პოპულარულია მთელს მსოფლიოში და არაერთი საერთაშორისო პრემიის და ჯილდოს მფლობელია. თეატრის კრიტიკოსების და მაყურებლების აზრით, რეზო გაბრიაძის სპექტაკლები გამოირჩევა განუმეორებელი ჟღერადობით, სრული მხიარულებით, მწუხარებით და სილამაზით.

რეზო გაბრიაძე მხატვარი, სცენარისტი, მწერალი, მოქანდაკე და თეატრალური რეჟისორია. ის ავტორია 35 ფილმის სცენარისა, მათ შორისაა “მიმინო”, “არ დაიდარდო”, “ქინ-ძა-ძა”. თბილისში მან მარიონეტების თეატრი 1981 წელს დააარსა. პირველივე სპექტაკლიდან “ალფრედი და ვიოლეტა” თეატრი პოპულარული გახდა და მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო ფესტივალებშიც სისტემატურად იღებს მონაწილეობას.