9 თებერვალი, 2015

ვინ ყიდის ნიჭიერთა ათწლედის ტერიტორიას?

ddd33333ქალაქის ცენტრში რუსთაველის გამზირიდან 100 მეტრში უზენაეს სასამართლოსთან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის, რომელიც 1934 წელს დაარსდა, კუთვნილი ტერიტორია იყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ ნიჭიერთა ათწლედის ხელმძღვანელი თამარ შენგელია ავრცელებს. მისი ინფორმაცია დასტურდება სპეციალურ ვებ გვერდზე დადებული ინფორმაციითაც, რომ:

“ქალაქის ცენტრში რუსთაველის გამზირიდან 100 მეტრში უზენაეს სასამართლოსთან იყიდება მიწის ნაკვეთი. ეკოლოგიურად სუფთა ადგილი, შენობებისგან გასუფთავებული, მიყვანილი კომუნიკაციებით: წყალი, გაზი, ელექტრო ენერგია, ტელეფონი, კანალიზაცია. მიწის ნაკვეთი არის შემაღლებულ ადგილას, საიდანაც იშლება ფანტასტიური ხედები სამების საკათედრო ტაძარზე, ფუნიკულიორზე მამა დავითის ეკლესიასა და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებზე. მიწის ნაკვეთი ხვდება 2 ზონალური კოეფიციენტის ქვეშ.”

როგორც თამარ შენგელია განმარტავს, ნიჭიერთა ათწლედის ტერიტორია 3.600.000 დოლარად იყიდება, თუმცა იმ იმასაც განმარტავს, რომ ნიჭიერთა ათწლედს სხვა შენობაც აქვს:

“ჩვენ გვაქვს სხვა შენობა, ძალიან კარგი, თუ ოდესმე გაარემონტეს და შეგვიშვეს. როგორც ბესელია იტყოდა, მაქვს რაღაც ინფორმაციები და ვშიშობ, ისიც არ აგვახიონ, “ობიექტური” მიზეზებით, დაპირებებით და ა.შ. როგორც ეს, მთაწმინდაზე და არ გაყიდონ 10.000.000-ად. აქ მიწაც მეტია და შენობაც ფანტასტიური.”