ზაზა კოლელიშვილი იუბილარია

zaza1მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი 11 იანვარს იუბილარია. მას 58 წელი შეუსრულდა.

მსახიობმა საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოიპოვა შეთეს როლის განსახიერებით თენგიზ აბულაძის გახმაურებულ ფილმში “ნატვრის ხე”, მოგვიანებით კი მურტალოს როლი შეასრულა ქეთი დოლიძის “კუკარაჩაში” და სამუდამოდ დაატყვევა სუსტი სქესის მაყურებელთა გულები.

იუბილარი ქართულ კულტურაში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობს. ის არის მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და დამდგმელი მხატვარი, თუმცა ბოლო დროს პოლიტიკით დაინტერესდა, “ქართული ოცნების” რიგებში გაწევრიანდა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ჰყავს მეუღლე ნათია გოგოჭური და 5 შვილი.

მსახიობობამდე ზაზა კოლელიშვილმა ჯერ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა, შემდეგ კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე და ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო თეატრში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში. ათეული წლებია მოღვაწეობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

ზაზა კოლელიშვილი გადაღებულია 55-მდე ფილმში, თავად კი რეჟისორია ფილმებისა “გარიგება”, “არჩევანი”, “საქართველო ჩემს გულში”, “ორი ხევსური”, “ქუთაისელი ბაბუა” და “გარიგება 2”.