29 იანვარი, 2015

ტომას გეისონი სიმღერის Warrior არანჟირებაზე იმუშავებს

tomas2საქართველოს 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნინა სუბლატი წარადგენს სიმღერით Warrior. საქართველოს საკონკურსო სიმღერის არანჟირებაზე ტომას გეისონი იმუშავებს.

ტომას გეისონი შვედი კომპოზიტორი და პროდიუსერია. 1998 წლიდან ის არის სტუდია ტომას გეისონის წარმომადგენელი და ამ კომპანიის ოფიციალური კომპოზიტორი.

ტომასი დიდი პოპულარობით სარგებლობს მუსიკალურ წრეებში, განსაკუთრებით კი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მხარდამჭერებში. ის მრავალი ჰიტის ავტორია. ტომასს დაწერილი აქვს სიმღერები ისეთი ცნობილი მომღერლებისთვის, როგორებიც არიან Jonas Brothers, Arash, Loreen, Pastora Soler, Carola, Charlotte Perrelli, Nikki Ponte, Chanée & n’evergreen, D’Nash. მას ევროვიზიისთვის შექმნილი აქვს 35 ნაწარმოები. ტომას გეისონის სიმღერამ „Euphoria”, ლორენის შესრულებით, შვედეთს 2012 წელს გამარჯვება მოუტანა. სიმღერა ჩარტებში დღემდე იკავებს პირველ ადგილს.

2013 წელს ცნობილმა შვედმა კომპოზიტორმა ითანამშრომლა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც და სპეციალურად ქართული დუეტისთვის, სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილისთვის დაწერა სიმღერა Waterfall.

ამჟამად კომპოზიტორი ნინა სუბლატის სიმღერას გაუკეთებს არანჟირებას.
ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21 მაისს, ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდება.