26 იანვარი, 2015

თეონა ქუმსიაშვილს თსუ-ში გაიხსენებენ

te4ტრაგიკულად დაღუპულ მომღერალს თეონა ქუმსიაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსენებენ. მომღერლის ხსოვნის საღამო 27 იანვარს გაიმართება.

პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება კონცერტი და მასში მომღერლები, ანსამბლები, თეონას მეგობრები და ახლობლები მიიღებენ მონაწილეობას. ხსოვნის საღამოზე შეასრულებენ მსმენელისთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს და წაიკითხავენ მის დაწერილ ლექსებს.

თეონა ქუმსიაშვილი 2010 წლის 22 ივლისს ხევსურეთში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა. მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ გზაზე მომავალი მანქანა ადიდებულ მდინარეში გადავარდა, სადაც 10 ადამიანი იჯდა, თეონა ქუმსიაშვილი, მისი მეუღლე პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან, 2 წლის დემეტრესთან და 9 თვის ჯარჯისთან ერთად, თეონას და ნათია ქუმსიაშვილი, ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი, ნათესავი თეონა ჭინჭარაული, მეგობარი ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა.

ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. გადარჩნენ გელა დაიაური, თორნიკე ქუმსიაშვილი და თეონა ჭინჭარაული. დემეტრე დაიაურისა და მამუკა არაბულის ცხედრების პოვნა ვერ მოხერდა.