Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თენგიზ აბულაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა

31 იანვარი, 2015

abuladze2ცნობილ ქართველ რეჟისორს თენგიზ აბულაძეს 31 იანვარს 91 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს სახალხო არტისტი, დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი რეჟისორი ქართული კინოს ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი, მის მიერ გადაღებული ფილმები კი – შედევრებად.

თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ, მან საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. რეჟისორის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი “დიმიტრი არაყიშვილი”.

თენგიზ აბულაძის კინოკარიერა დაიწყო კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად. მათ ერთად გადაიღეს ფილმები “ჩვენი სასახლე”, “ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი” და მხატვრული ფილმი “მაგდანას ლურჯა”. ბოლო ფილმისთვის მიღებული აქვს მთავარი პრიზი “ოქროს შტო” კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე და პირველი პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე.

რეჟისორმა, როგორც დამოუკიდებელმა კინემატოგრაფისტმა, პირველი დამოუკიდებელი ფილმი “სხვისი შვილები” გადაიღო. ფილმმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა. ამას მოყვა ფილმი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, ეს ფილმიც პრიზებთი აღინიშნა.

თენგიზ აბულაძის მოღვაწეობაში გამორჩეულია მის მიერ შექმნილი ტრილოგია “ვედრება”, “ნატვრის ხე” და “მონანიება”. სამივე ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე პრიზები და ჯილდოები დაიმსახურა. მის მიერ გადაღებული ფილმებია “სვანური ჩანახატები”, “სამკაული სატრფოსათვის”, “მუზეუმი ღია ცის ქვეშ”.

კინომცოდნეები მიიჩნევენ, რომ თენგიზ აბულაძის რეჟისორული მოღვაწეობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართულ კინემატოგრაფიაში. რეჟისორი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის” პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი.

თენგიზ აბულაძე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.