11 იანვარი, 2015

The New York Times-ი ზაზა ურუშაძეზე და გიორგი ოვაშვილზე წერს

New-york2The New York Times-ის ყურადღების ცენტრში 2 ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი მოხვდნენ. სტატიის ავტორი ლარი როტერია. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს:

”შარშან უცნაური დამთხვევა მოხდა ოსკარის ნომინანტ უცხოენოვან ფილმებს შორის: ისრაელიდან და პალესტინიდან წარმოდგენილი ფილმები ერთსა და იმავე სიუჟეტზე იყო აგებული. იუვალ ადლერის „ბეთლემი“ და ჰანი აბუ-ასადის „ომარი“, რომელმაც საბოლოო ჯამში მიიღო ეს ნომინაცია, ეხებოდა ახალგაზრდა პალესტინელი ინფორმატორის და ისრაელის დაზვერვის აგენტის ურთიერთობას. ფილმების დასარულიც ერთნაირი იყო, სადაც ჯაშუში მისი „ბატონის“ წინააღმდეგ ამხედრდებოდა.

იგივე განმეორდა ახლაც: იუნგი და სტინგი ამას „სინქრონულობას“ უწოდებენ. წლევანდელ ოსკარზე წარდგენილი ცხრა ფილმიდან, რომლებიც 22 თებერვალს უნდა დაჯილდოვდეს, ორი ფილმი – ქართული და ესტონური – ეხება კონფლიქტს, რომელიც წარმოიშვა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად: 1992-93 წლებში მიმდინარე ომს დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს შორის.

მსგავსება ესტონურ „მანდარინებს“ და ქართულ „სიმინდის კუნძულს“ შორის მხოლოდ ამაში როდია. ორივე ფილმში მთავარი გმირი თმაჭაღარა მოხუცია, რომელიც სრული ქაოსისა და ძალმომრეობის ატმოსფეროში ცდილობს მოსავალი მოიყვანოს და ამით ირჩინოს თავი. ორივე ფილმში მთავარი გმირის მშვიდი ცხოვრება ირღვევა, როდესაც მის კართან დაჭრილი მებრძოლი აღმოჩნდება და იგი იძულებულია შეიკედლოს ჯარისკაცი.

„მანდარინების“ სცენარის ავტორი და რეჟისორი თვლის, რომ „ფილმები ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან“. ეს სრული სიმართლეა. ძალადობა, რომელიც მკვეთრად და გრაფიკულადაა გამოხატული „მანდარინებში“, ფარულად ნაგულისხმევია გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულში“. „მანდარინებში“ უხვადაა დიალოგები რუსულ და ესტონურ ენებზე, „სიმინდის კუნძულში“ კი დიალოგები საერთოდ არ არის, შინაარსი და ემოცია გადმოიცემა მზერით და გარემოს ხმაურით.

“ვფიქრობ ეს უბრალო დამთხვევაა,” განაცხადა ზაზა ურუშაძემ, რომელიც გასულ კვირას ტელეფონით გვესაუბრა პალმ სპრინგსიდან, სადაც ის და გიორგი ოვაშვილი იმყოფებოდნენ, როგორც ფესტივალის მონაწილეები. “ქართული კინოსთვის დიდი მიღწევაა, რომ ორი ფილმი წარადგინოს ამ ქვეყნის შესახებ, და ეს ფილმები ცხრა რჩეულ ფილმს შორის მოხვდეს. ალბათ ეს რაღაცის ნიშანია. საქართველოს კინემატოგრაფს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ახალი ქართული ფილმების ტალღა ძალზე მნიშვნელოვანია”.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა სახელმწიფო დაფინანსების მეშვეობით მხარი დაუჭიროს ეროვნულ კინოწარმოებას. “დღესდღეობით მოღვაწე ქართველი კინორეჟისორები ძალიან ნიჭიერები არიან.”

შარშანდელ ოსკარზე აბუ-ასადმა და ადლერმა განაცხადეს, რომ არ იცნობდნენ ერთმანეთს, სანამ მათი ფილმები საერთაშორისო ფესტივალებზე არ მოხვდა. დაჯილდოვების ცელემონიალზე ისინი ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ, მაგრამ დისტანციას იჭერდნენ, თითქოს უფრთხოდნენ ერთმანეთს. წელს საქმე სხვაგვარადაა: ორივე რეჟიროსი ცდილობს გაიგოს, რა არის აკადემიის დაჯილდოვების პროცესში მათი მოულოდნელი წარმატების მიზეზი.

“მე და ზაზა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ვმეგობრობთ კიდეც,” განაცხადა გიორგი ოვაშვილმა სატელეფონო საუბარში სამშაბათს. “ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით კაფეში, წვეულებებზე, აქაც – პალმ სპრინგსში – ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებით და ერთად ვატარებთ დროს, ისევე, როგორც საქართველოში. ყოველივე ეს უცნაურია, ზაზაც ასე ფიქრობს. ერთმანეთს ვეკითხებით :“რა ხდება? მაგრამ პასუხი არ გვაქვს.”

გიორგი ოვაშვილმა და ზაზა ურუშაძემ, რომლის ფილმი ასევე ნომინირებულია ოქროს გლობუსზე, ცალ-ცალკე მისცეს ინტერვიუ. საუბარში გამოვლინდა გარკვეული მსგავსებები და განსხვავებები ამ ორი ადამიანის მსოფლმხედველობაში, გამოცდილებასა და კინემატოგრაფიულ ხედვაში.”