29 იანვარი, 2015

თბილისი კინოგადაღებების ქალაქად გადაიქცევა

tbilisi2 თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონში” პროექტის „თბილისი, როგორც საერთაშორისო კინო-გადაღების ადგილი“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა წარადგინა:

“დღევანდელი პრეზენტაციის მიზანია ექსპერტებთან ერთად გავიაროთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მომავალში საერთო ღონისძიებების დაგეგმვის შედეგად თბილისი ვაქციოთ საერთაშორისო კინოწარმოებისთვის მიმზიდველ ადგილად. ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეს ძალიან კარგი სტიმულატორია ზოგადად ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აქტივობის. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალაქის ბრენდინგი და მისი საერთაშორისო ასპარეზზე უკეთესი წარმოჩენა. ეს ორივე მიზანი დედაქალაქის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ვეცდებით რაც შეიძლება აქტიური როლი ვითამაშოთ ამ პროექტში და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს როგორც დარგმა, ასევე მთლიანად ქალაქმა,” – განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე ოლივერ რაიზნერი, ქართველი კინოპროდიუსერები და ექსპერტები. პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

“უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო გახდეს უცხოელი პროდუსერების გადასაღები მოედანი რადგან ამ შემთხვევაში მოხდება ტექნოლოგიების შემოდინება, კვალიფიკაციის ამაღლება, უცხოური კაპიტალის შემოდინება. ეკონომიკასთან ერთად ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას,” – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა.

“ძალიან მნიშვნელოვანია მერიის მხრიდან ეს ინიციატივა, რომ თბილისი გადაიქცეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველ ქალაქად საერთაშორისო კინომწარმოებლებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გატარდეს ღონისძიებები და შესაბამისი რეფორმები იმისათვის, რომ უფრო მარტივი და მიმზიდველი იყოს თბილისი ქართველი კინომწარმოებლებისთვის. ამ თვალსაზრისით საკმაოდ ბევრია გასკეთებელი და ვთვლით, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაც მისასალმებელია,” – განაცხადა საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ხაბაშვილმა.

პროექტის მთავარი მიზანია ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესწავლა და საერთაშორისო კინომწარმოებელი კომპანიების მოსაზიდად შესაბამისი კონცეფციის შემუშავება. თბილისს აქვს გამორჩეული და უნიკალური მდებარეობა, კულტურულ-ისტორიული ძეგლები და თანამედროვე ნაგებობები, ასევე ქალაქის მრავალფეროვანი და განსხვავებული ლანდშაფტი, რაც განაპირობებს მის მიმზიდველობას.

საერთაშორისო კინო-წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა თავის მხრივ ეკონომიკური, კულტურული და სოციალური განვითარების შესაძლებლობებს ქმნის. აღნიშნული გულისხმობს ქალაქისა და ქვეყნისათვის დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც თავის მხრივ განაპირობებს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ასტიმულირებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალაქის ბრენდინგსა და მისი ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენას.