Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სიმონ ჩიქოვანის დაბადებიდან 112 წელი შესრულდა

9 იანვარი, 2015

simon_chikovani3ქართველი პოეტის სიმონ ჩიქოვანის დაბადებიდან 9 იანვარს 112 წელი შესრულდა.

მისი მამა ივანე ჩიქოვანი განათლებული კაცი იყო. ის ოცნებობდა შვილი სამთო ინჟინერი გამოსულიყო, მაგრამ სულში ჩამარხულმა პოეტურმა მადლმა სულ სხვაგვარად წარმართა სიმონის ცხოვრება. დედა ჩიქოვანს დაბადების წელსვე გარდაეცვალა. დედისადმი მიძღვნილ ლექსებში ღრმა გულისტკივილით იგრძნობა ბავშვობაში განუცდელი მშობლიური ალერსის მონატრება. კიდევ უფრო ტრაგიკულად განიცადა პოეტმა დის ნაადრევი გარდაცვალება. ამიტომაცაა, რომ ბავშვობის დროინდელ მოგონებებს მის შემოქმედებაში ხშირად ახლავს ხოლმე მართალი ადამიანური სევდა და თავისებური სამდურავი წუთისოფლისადმი: “სად დავიბადე, უნდო ბედმა რა გამატანა, სული მწყურვალი და მათარა ძლიერ პატარა”.

თავის პოეტურ გატაცებას სიმონ ჩიქოვანი უპირველეს ყოვლისა უახლოეს წინაპართა ლიტერატურულ ინტერესებს უკავშირებდა: “ჩემი გვარეულობა, – წერდა ერთგან იგი, – ცნობილი იყო ოჯახური პოეტებით, ბევრი ჩემი წინაპართაგანი ლექსად აწარმოებდა მიწერ-მოწერას და მე ვფიქრობ რომ პოეზიისადმი მიდრეკილება ჩამესახა ბავშვობაში, საკუთარ ოჯახში”.
სიმონი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შევიდა, ხელმოკლეობის გამო, ზაფხულობით ის სოფელში ამუშავებდა მიწას და ასწავლიდა მეზობლის ბავშვებს. ასე აგროვებდა ფულს სწავლის გასაგრძელებლად. როცა სიმონ ჩიქოვანს მამა გარდაეცვალა, გამოწვეულმა ტკივილმა სათანადო პოეტური ასახვა ჰპოვა მისადმი მიძღვნილ ლექსში.

მძიმე მატერიალური პირობების მიუხედავად, რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, პოეტი თბილისის უნივერსიტეტში შევიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში, გაზეთის რედაქციასა და კლუბში. თანამოაზრეებთან ერთად მან ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი “საქართველო – ფენიქსი”. მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები, მოგვიანებით მან მუშაობა დაიწყო ახალდაარსებული ჟურნალის “მნათობის” რედაქციაში.
ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის დროიდან, ის ენერგიულად ჩაება საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში და გარდაცვალებამდე მისი ხელმძღვანელი ორგანოების უცვლელი წევრი იყო. სხვადასხვა წლები ის მუშაობდა გამომცემლობა “საბჭოთა მწერალის” მთავარ რედაქტორად, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ, რედაქტორობდა ჟურნალ “მნათობს”.

ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის სიმონ ჩიქოვანი დაჯილდოებული იყო ორდენებითა და პრემიებით. სახელმწიფო პრემია პოეტს მიენიჭა პოემისათვის “სიმღერა დავით გურამიშვილზე” და სხვადასხვა ლექსებისათვის. ის იყო ახალგაზრდა მწერალთა გზის გამკვალავი და აქტური თანამდგომი. მისი ხელშეწყობითა და უშუალო მზრუნველობით არაერთი ნიჭიერი შემოქმედი გამოვიდა დიდ ლიტერატურულ ასპარეზზე.
საგანგებოდ აღსანიშნავია სიმონ ჩიქოვანისა და მისი მეუღლის მარიკა ელიავას ურთიერთობა. მარიკა ელიავა თავისებური, დაუვიწყარი სილამაზისა იყო. იგი აღსავსე იყო სინაზითა და ქალური, საამო მომხიბვლელობით, მაგრამ არც სიმამაცე-სიმტკიცეს იყო მოკლებული, რაც მას და მის საყვარელ სიმონს ძალას მატებდა მძიმე განსაცდელის ჟამს. ინტელიგენტურობა, განსწავლულობა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ლიტერატურაში, ბუნებრივი გემოვნება და ტაქტი, უმწიკვლო სამართლიანობა და პოეტურობა, მისი ბუნების ამ თვისებებმა აქციეს მარიკა არა მარტო პირველ მსმენელად, არამედ მრჩევლად და მისი შემოქმედებითი მიღწევების თანამონაწილედ. ისინი მართლაც რომ ბედნიერები იყვნენ. ავბედით 1937 წელს დააპატიმრეს მარიკას მამა ნიკო ელიავა, ძმა ზურაბი და რძალი თინა. მათი ვაჟიშვილი ნიკა აღსაზრდელად მარიკამ და სიმონმა აიყვანეს. მათ ოფიციალურად გააფორმეს შვილად აყვანა, რათა ხუთი წლის ბავშვისათვის ჩამოეცილებინათ “ხალხის მტრის” შვილის დამღა.

მარიკას აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. მან გაიკეთა ოპერაცია და გაიარა მკურნალობის სათანადო კურსი, მაგრამ მეტასტაზი უკვე ხერხემალში იყო გასული. მარიკას კრიზისული მდგომარეობის დროს, დიაბეტით დაავადებული სიმონის მხედველობა კატასტროფულად გაუარესდა, პრაქტიკულად იგი დაბრმავდა. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მისი შემოქმედებითი შთაგონება კი არ დაიშრიტა, არამედ, პირიქით, პოეტური სიმწიფის ახალ სტადიაში შევიდა. ამისი დადასტურებაა ის შესანიშნავი ნაწარმოებები, რომელიც ამ პერიოდში შექმნა პოეტმა. მარიკა უსიტყვოდ ითმენდა აუტანელ ტკივილებს, არც კი კვნესოდა. რათა სიმონს თავისი მეტად გამახვილებული სმენითა და ინტუიციით არ გაეგო და არ ეგრძნო მისი ტანჯვა-წამება. ექიმებმა შეძლეს მარიკას ჯანმრთელობის დროებითი გაუმჯობესება და იგი ფეხზე წამოდგა. მარიკა ყოველთვის შესისხორცებული იყო სიმონის შემოქმედებით ცხოვრებასთან, ხოლო პოეტის ავადმყოფობისას სულ უფრო განუყრელი გახდა.

სიმონ ჩიქოვანი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.