19 იანვარი, 2015

შალვა გაწერელიას თეატრალურ უნივერსიტეტში გაიხსენებენ

shalva619 იანვარს ცნობილ რეჟისორსა და პედაგოგს შალვა „მუმუშა“ გაწერელიას 84 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შალვა გაწერელიას დაბადების დღისადმი მიღძვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის ცხოვრების აქამდე უცნობი დოკუმენტური მასალა. ასევე, პირველად წაიკითხავენ მისი უბის წიგნაკის ჩანაწერებს და წერილებს. საღამოზე სიტყვით გამოვლენ მისი კოლეგები თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გოგი მარგველაშვილი.

1960 წლიდან შალვა გაწერელიას პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე ათობით სამსახიობო ჯგუფმა დაამთავრა „თეატრალური ინსტიტუტი“, რომელთა უმრავლესობა თანამედროვე თეატრის, ტელევიზიისა და კინოს ცნობილი მსახიობები არიან. მათი ნაწილიც დაესწრება პედაგოგის ხსოვნის საღამოს თეატრალურ უნივერსიტეტში.

თანამედროვე ქართული თეატრალური რეჟისურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი შალვა გაწერელია წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში, ჭიათურის თეატრში, საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის ტელესტუდიაში. სწორედ შალვა გაწერელიას სახელს უკავშირდება მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის შემოქმედებითი მიღწევების სახელოვანი პერიოდი, მისი მეამბოხე სპექტაკლების ხანგრძლივი ეპოპეა, სადაც დადგა 80-მდე სპექტაკლი.

ღირსების ორდენის კავალერის და ემერიტუსის წოდების მფლობელის შალვა გაწერელიას 80 წლის იუბილე გრანდიოზულად აღინიშნა თეატრალურ უნივერსიტეტში მისი სტუდენტების მიერ. რეჟისორი 81 წლის ასაკში 2012 წელს გარდაიცვალა.