20 იანვარი, 2015

„სათამაშო პისტოლეტი“ ინგლისურად ითარგმნა

satamasho7ქართველი დრამატურგისა და მწერლის, თამარ ბართაიას ნაწარმოები “სათამაშო პისტოლეტი” ინგლისურად ითარგმნა. ინგლისურ ენაზე თარგმნილი ნაწარმოების პრეზენტაცია და ინგლისურენოვანი სპექტაკლის პრემიერა 20 იანვარს თავისუფალ თეატრში გაიმართება.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თავისუფალი თეატრის სცენაზე პიესას ინგლისურ ენაზე გაითამაშებენ მსახიობები ანი ალადაშვილი და გიორგი აბაშიძე. სპექტაკლის „სათამაშო პისტოლეტი“ რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია. სპექტაკლს მუსიკალურად ცოცხლად გააფორმებს კომპოზიტორი ლექსო ტურიაშვილი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.

თამარ ბართაიას პიესა „სათამაშო პისტოლეტი“ ინგლისურად ცნობილმა ქართველოლოგმა, ლონდონის დედოფლის უნივერსიტეტის პროფესორმა დონალდ რეიფილდმა თარგმნა. პიესა საერთაშორისო თანამედროვე დრამატურგიის კრებულშია შესული და არაერთი პრემია აქვს მოპოვებული. პიესის ინგლისურად თარგმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2013 წელს „სათამაშო პისტოლეტი“ ლონდონში, ჩელსის თეატრში სახელდახელო თარგმანით დიდი წარმატებით წარმოადგინეს. 2014 წელს „სათამაშო პისტოლეტს“ წარმატება ხვდა ასევე ლიტვაში, კლაიპედას სასახლის თეატრის სცენაზე. გარდა ინგლისურისა, პიესა თარგმნილია რუსულ, სომხურ, ლიტვურ, იტალიურ და გერმანულ ენებზე. პიესა ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.