28 იანვარი, 2015

საშა ჟან ბაპტისტი ევროფესტივალის ქართველი მონაწილის რეჟისორია

sahsa-jan22015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელთან ნინა სუბლატთან რეჟისორი საშა ჟან ბაპტისტი იმუშავებს.

საშა ჟან ბაპტისტი – შვედი ქორეოგრაფი და რეჟისორი, სკანდინავიაში ყველაზე პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალის ორგანიზატორი, არაერთი მუსიკალური ტურნეს სცენოგრაფი და სამხატვრო დიზაინერია.

ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელსაც თავად საშა ხელმძღვანელობს 2004 წლიდან მოღვაწეობს. ეს ჯგუფი მუშაობდა ისეთი ცნობილი მომღერლების მუსიკალური ტურნეების ქორეოგრაფიაზე, როგორებიც არიან: ზარა ლარსონი, ერიკ საადე, ალკაზარი და სხვა.

საშა იყო შვედური X factor-ის, შვედური იდოლისა და სკანდინავიაში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის Sommarkrysset-ის მთავარი რეჟისორი და ქორეოგრაფი.

ასევე, საშა მუშაობდა შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის “მელოდიფესტივალის” ქორეოგრაფად. საშას შემოქმედებით გუნდს ეკუთვნოდა 2011 წელს გერმანიაში გამართული ევროვიზიის რამდენიმე ნომერი და 2013 წელს შვედეთში გამართული კონკურსის გახსნისა და დახურვის ცერემონიალები.

საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობს. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21 მაისს, ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდება.