13 იანვარი, 2015

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები სოჭში მიიწვიეს

kbn2საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა გუნდი 15 იანვარს სოჭში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს XXVI საერთაშორისო ფესტივალში “კივინი 2015”.

ქართველები სოჭში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიას დახმარებით ჩავლენ. სოჭში ამ ფესტივალზე ათასობით სტუმარს ელოდებიან როგორც რუსეთიდან, ასევე საზღვაგარეთიდანაც. ფესტივალი სოჭში 25 იანვრამდე გაგრძელდება.

ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები მოსკოვში გაემგზავრება, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა კავეენში. წარმატება ნაკრებმა სოჭში XXV საერთაშორისო ფესტივალზე “კივინი 2013-2014” მოიპოვა, პრემიერ ლიგის ფინალშიც გაიმარჯვეს, სადაც ბიჭები არა მარტო ჩემპიონები გახდნენ უმაღლესი 30 ქულით, არამედ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებში მაყურებლისთვის ცნობილი სახეებიც არიან გაერთიანებული, მათ შორის ამიკო ჩოხარაძე და ფაქო, იგივე ლევან გოგორელიანი.