4 იანვარი, 2015

რობერტ სტურუა: “გიჟად მთვლიან!”

sturua1რეჟისორი რობერტ სტურუა ხმამაღლა აცხადებს, უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ მას გიჟად თვლიან:

“გუშინ პრემიერა იყო რუსთაველში! საახალწლო სპექტაკლს ვდგამდით ბავშვებისთვის, გვინდოდა მაღალი ხარისხის გამოგვსლოდა (ვიღაცას უთქვამს: ბავშვებისთვის სპექტკლი ისევე უნდა დაიდგას, როგორც დიდებისთვის, იღონდ უფრო კარგადო!)

დაახლოებით ერთი თვე მუშაობდნენ მსახიობები ია საკანდელიძესთან და მარიამ ალექსიძესთან ერთად: ირჩევდნენ სიმღერებს, ცეკვებს ამზადებდნენ და ყველაფერი ეს რეჟისორ ნიკუშა შველიძის მეთაურობით ხდებოდა.
და აი, რუსთაველის სახელობის თეატრის დიდი დარბაზის დიდ სცენაზე შევედით! და დაიწყო… თეატრის უსაყვარლესი და ურთულესი პერიოდი – სპექტაკლის შექმნის ციებ-ცხელება… ღამისთევა…

მიგნების სიხარული…

უნიჭო გადაწყვეტები…

უსუსურობის ბოღმა…

ბედნიერება…

ყვირილი…

ფარული ცრემლები…

ხუმრობა საქმეა?! საახალწლო სპექტაკლს ვუდგამთ ბავშვებს, ყველაფერი რომ ნანახი აქვთ და ყველაფერი რომ იციან, ჩვენ კი, გულბრყვილოებს, დღესასწაულის უბედნიერესი წამები გვინდა ვაჩუქოთ პატარებს?!… მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით და გულგახსნილი მიამიტობით და თამაშით შეძლებენ მსახიობები ბავშვების გულის მოგებას… და აი პრემიერა, უფრო სწორედ პირველი უწყვეტი რეპეტიცია… გამოგვივიდა?.. აღფრთოვანებული სახეები, სიხარულის ცრემლებსაც ვამჩნევ! უეცრად ბავშვების ჟრიამული და ჟივჟივი წყდება… და…

და შემოდის მისი აღმატებულება ხელოვნებათმცოდნე!

მის მჟავე სახეს ვერ მალავს სტიუარდესას ღიმილი – და აცხადებს:

“პიესები დადგით, პ ი ე ს ე ბ ი!”

ო, როგორ მინდა ლოყაზე მოვუცაცუნო, ახალი წელი მიულოცო და მერე ბომბორა ძაღლივით ავყეფდე და რუსთაველის მეტრომდე ღრენა-ღრენით ვსდიო (მაინც გიჟად მთვლიან)!

ბარძაყში სიამოვნებით ჩავაფრინდები ბულტერიერის ღრანჭით თეატრისთვის ამ საეჭვო პიროვნებას, თეატრისათვის წარმოუდგენლად უცხო ადამიანს!”