4 იანვარი, 2015

პატრიარქის იუბილე სამებაში აღინიშნება

5სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღეს 4 იანვარს სამებაში გამოფენა გაიმართება. მისი უწმინდესობის 82-ე და აღსაყდრებიდან 37-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყობა.

საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული აბრეშუმის ბალიშები და თეთრეული, ოქრომკედით ნაქარგობა, საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ხევსურული ნაქარგობა, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები. ექსპოზიციაში მონაწილეობენ სიონის საპატრიარქო ტაძართან და წმიდა სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლები, წმიდა ქეთევან წამებულის სახელობის ხატწერის სკოლა, თბილისის სახელოსნოები და რეგიონებიდან სხვადასხვა ავტორები.

ამ დღესთან დაკავშირებით ასევე გაიხსნება მხატვარ-გრაფიკოსის, პროფესორის, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიისა და სხვა აკადემიების ნამდვილი წევრის, ღირსების ორდენოსანის მურმან გელენიძის ნამუშევრების (შრიფტი, გრაფიკა, ფერწერა) გამოფენა.

ექსპოზიციის გახსნას დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. გამოფენა წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.