18 იანვარი, 2015

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი “პანორამა თბილისს” ეხმიანება

vacheishvili2საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი “პანორამა თბილისს” ეხმიანება და თბილისში მიმდინარე აქტივობებს აფასებს:

“ძველ თბილისში 2012 მდე აქტივობა ორი მიმართულებით იყო:

ა. ავარიული სახლების (უმეტესად ძეგლების) გამაგრება (ვაღიაროთ: მათი განახლების ზოგჯერ ზედმეტი მონდომებით), რაც ზოგჯერ ხელოვენბათმცოდნეათა გასაგებ, მაგრამ არარეალისტურ წყრომას იწვევდა (რადგანაც სასწორი-„ყოველი ჩუქურთმის ფერება“ გადაიწონება საძირკვლებისა და სტრუქტურის სასწრაფო და დროული გამაგრების საჭიროებით, ანუ შენობისა და მთლიანად უბნის გადარჩენის შედეგით, ნაცვად 1 სახლზე დახარჯული მთელი რესურსისა…)

და

ბ. გემოვნებითად შესაძლოა ზოგჯერ საკამათო, მაგრამ ძველი თბილისის „გამაბრენდებელი“ მიზნით აგებული, თუმცა რევერსირებადი, ანუ პრინციპულად დაშლადი, შენობების ჩადგმით ( მშვიდობის ხიდი, მილებიაი საკონცერტო დარბაზი…)

ანუ მიზანი გასაგები იყო: ქალაქის გალამაზება, მოვლილი უბნების შექმნა, პირობების გაუმჯობესება, „ბრენდული“ შენობების გაჩენა (რევერსირებადი, ანუ არა „სამისდღემჩიო“ შენობებით).

2012 წლის მერე:

ა. არც ერთი გამაგრებული ურბანული ისტორიული მონაკვეთი – სახლი, კომპლექსი, ქუჩა, ქსელი და სხვა.

ბ. „თბილისის პანორამის“ დაწყება – საეჭვო ადგილას, საეჭვო გემოვნებით, საეჭვო მასშტაბით, საეჭვო ფუნქციით და ეს ყველაფერი -არარევერსირებადი, ანუ უკანა გზა მოჭრილი, „სამისდღემჩიო“ ჩანერგვით ძველ თბილისში.
კიდევ უფრო მარტივად რომ ვუთხრა ქოცებს: რაც ადრე „ცუდი“ გაკეთდა შედგება კარგისგან, რომელიც დიდხანს იმუშავებს (მყარი სახლები და ქუჩები და სხვა…) და “ცუდისგან”, რაც გამოსწორებადია და ამიტომაც – მომავლიანი…

ამ ყველაფრისგან განსხვავებით რაც ეხლა გაკეთდება, “პანორამა თბილისის” სახით, შეუქცევადი იქნება.

ამიტომ მეჩვენება ძველი მიდგომა საეჭვო „ძალადობად“ ქალაქზე,
ამჟამინდელი მიდგომა კი 100 % ძალადობად.

ერთსაც ვიტყვი. წარამარა ატრიალებენ, როგორც არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ, როგორც თქვენივე მსჯელობიდან ჩანს, მყარ სახელმძღვანელო კრიტერიუმად ჩამოყალიბებულ „კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“. ეს კანონი ჩემი ხელმძღვანელობით დაიწერა და ჩემივე საპარლამენტო მდივნად მუსაობის დროს შევიდა ძალაში 2007 წელს. ეს ნიშნავს – მსჯელობისას დღესაც რასაც ვიწუნებთ თუ ვიწონებთ, მაშინდელი დიდი შრომისა და ფიქრის შედეგია, რომელიც ფორმალური კი არ გამოდგა, ახლაც ფარივითაა ძეგლების დაცვის ქმედებებში. ეს ძალიან მიხარია და მაძლევს იმედს, რომ რასაც აწი გავაკეთებთ ისეთივე მომავლიანი იქნება, რასაც აქამდე ვაკეთებდით, იქნებ ზოგჯერ შეცდომებით, მაგრამ მომავალი საქართველოსთვის გამოსადეგი.”