Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნასტასია კინსკი იუბილარია

24 იანვარი, 2015

nastasia2გერმანელი მსახიობი და მოდელი ნასტასია კინსკი იუბილარია. ხელოვანი 54 წლის გახდა.

ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატი, ორჯერ ნომინირებული გერმანულ Deutscher Filmpreis-ზე ნასტასია აგლაია ნაკშინსკი ცნობილი გახდა რომან პოლანსკის ფილმში „ტესი“ გასახიერებული მთავარი როლით. ის მსახიობ კლაუს კინსკის ქალიშვილია, რომელიც მას მსახიობ რუთ ბრიჯით ტოკისთან შეეძინა. მისი მშობლები 1968 წელს განქორწინდნენ. ნასტასია მამას ათი წლის შემდეგ იშვიათად ნახულობდა. ის და დედა ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდიდნენ, ამიტომ მიუნხენში კომუნაში მოუწიათ გარკვეული პერიოდი ცხოვრება. დედამისი საყვარელთან ცხოვრობდა და ვერ მუშაობდა, ამიტომ, დარჩენილი ნივთების გაყიდვით გაჰქონდათ თავი.

ნასტასიას თქმით, ის მაღაზიებში წვრილ-წვრილად იპარავდა და ნივთები სახლში მოჰქონდა. მას ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის ხშირად აჯარიმებდნენ, თუმცა ნასტასიას არც ჯარიმები გადაუხდია და არც სასამართლოში გამოცხადებულა. 1978 წელს მსახიობი აეროპორტში დააპატიმრეს, როდესაც ფილმ „შენადვე დარჩის“ გადაღებებიდან ბრუნდებოდა. მან ციხეში სამი თვე გაატარა.

15 წლის ასაკში ნასტასია კინსკიმ რეჟისორ რომან პოლანსკისთან გააბა რომანი. 1976 წელს ის ფრანგული ჟურნალის ვოგისთვის გადაიღეს, რომლის მიწვეული რედაქტორიც იმ დროს სწორედ რომან პოლანსკი იყო.

მსახიობის პირველი როლი რეჟისორ ვიმ ვენდერსის ფილმში „ცრუ მოძრაობა“ შედგა. ამ ფილმში, რომელიც გოეთეს რომანის „ვილჰელმ მაისტერის გატაცების წლების“ მიხედვით იქნა გადაღებული, ნასტასია ნამდვილი გვარით, ნაკშინსკით წარსდგა მაყურებლების წინაშე. მსახიობი ვანდერსის ცოლმა მსახიობმა ლიზა კრეიცერმა დისკოთეკაზე შენიშნა და მინიონში მუნჯი როლის განსახიერება შესთავაზა. თავისი პირველი როლისთვის მას გერმანული კინემატოგრაფის Deutscher Filmpreis-ის მიერ დაწესებული ჯილდო ხვდა წილად, რომელიც ლიზა კრეისერთან, ჰანნა შიგულასთან და მარიანა ჰოპესთან გაიყო. მთლინაობაში მსახიობმა 60-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთ ცნობილ რეჟისორთან იმუშავა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 1984 წელს მსახიობმა გააჩინა ბიჭი ალიოშა. ორი თვის შემდეგ კი კინსკი ეგვიპტური წარმოშობის კინოპროდიუსერზე იბრაჰიმ მუსაზე გათხოვდა, რომელიც მასზე 15 წლით იყო უფროსი. ორი წლის ეშმდეგ მათ გაუჩნდათ გოგონა სონია, ის ახლა ფოტომოდელია. 1992 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

მსახიობი 1991-97 წლებში ამერიკელ კომპოზიტორთან ქუისნი ჯონსთან ცხოვრობდა, რომელიც მასზე 28 წლით უფროსი იყო. 1993 წელს კინსკიმ მისგან გოგონა კენია გააჩინა.