13 იანვარი, 2015

ნანული სარაჯიშვილი იუბილარია

nanuli2ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ნანული სარაჯიშვილი იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მანანა 67 წლის გახდა.

ნანული სარაჯიშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობია, თუმცა ის თეატრში მისვლამდე გახდა პოპულარული, როდესაც ფილმში “მანანა” მთავარი როლი ითამაშა. როგორც მსახიობი ამბობს, ბევრი მას დღემდე მანანას ეძახის, რაც მისთვის საწყენი სულაც არ არის.

იუბილარი მსახიობი ათეული წლებია რუსთაველის თეატრში მოღვაწეობს. მან ამ პერიოდში იმუშავა რეჟისორებთან რობერტ სტურუასთან, გოჩა კაპანაძესთან, მიხეილ თუმანიშვილთან, ლევან წულაძესთან. „ხანუმა“, “ყვარყვარე“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „კავკასიური ცარცის წრე“, „დრაკონი“, „რიჩარდ III“, “სისხლიანი ქორწილი“, „ბერნარდა ალბას სახლი“, “მარიამ სტიუარტი“, “გვადი ბიგვა“, „პაემანი ცაში“, „ბედნიერი ბილეთი“, “შეშლილი, შეშლილი… ახალი წელი“, „ნახვის დღე“, „ას ერგასის დღე“, „კონცერტი ორი ვიოლინოსათვის აღმოსავლური საკრავების თანხლებით“ – ეს ის სპექტაკლებია, რომელშიც იუბილარ მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული.

რაც შეეხება კინოკარიერას, “მანანათი” დაწყებული წარმატება “ვერის უბნის მელოდიებით“ გაგრძელდა და მას დაემატა ქართველ კინორეჟისორთა ფილმები „სკამი“, “ატრაქციონი“, “აურზაური სალხინეთში“, “დიონოზავრის კვერცხი“, “ჭა“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „ერთი ნახვით შეყვარება“, „დილის ნისლივით“, „გრანტუსი“, „ანდერძი“, „მოდი ვილაპარაკოთ“, „გამოცხადება“, „გარიგება“, „გარიგება 2“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“.

ნანული სარაჯიშვილს სხვადასხვა წლებში მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, ღირსების ორდენი, საერთაშორისო კინოფესტივალზე კი მიიღო „ოქროს არწივი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „გარიგება“.