21 იანვარი, 2015

მწერალთა სახლში ახალი თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება

franguli-instituti223 იანვარს საქართველოს მწერალთა სახლში ახალი თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას წარმოადგენენ მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

მწერალთა სახლში წარმოდგენილი იქნება 2014 წელს გამოცემული ახალი თარგმანები, სულ 17 პულიკაცია, მათ შორის ჟან-პოლ სარტრის, რომენ გარის, დანიელ პენაკის, ჟან ჟიონოს, სიმონ დე ბოვუარის, კლოდ სიმონის, ჟიულ რომენის და სხვა მწერლების ნაწარმოებები; ოლგა შავერნეს „აუტისტი ბავშვი – სახელმძღვანელო მშობლებისთვის“, ასევე როლან ბარტის, ჟან-ჟაკ რუსოს და სხვათა ნაშრომები, ლიტერატურული ჟურნალის „არილი“ ორი ნომერი, რომლებიც მიეძღვნა ფრანგულ ლიტერატურას.

წიგნები თარგმნილია გიორგი ეკიზაშვილის, ნატა ბალავაძის, ნანა ცქიტიშვილის, დოდო ლაბუჩიძის, ცისანა ბიბილეიშვილის, თამარ აბრამიშვილის, მანანა ბოსტოღანაშვილის და სხვა მთარგმნელების მიერ. მსურველებს ადგილზე სასურველი წიგნების შეძენაც შეეძლებათ.

მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამა საქართველოში 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ფრანგული ლიტერატურის პოპულრიზაციას. პროგრამა ეხმარება ქართულ გამომცემლობებს ფრანგი ავტორების ნაწარმოებების ქართული თარგმანების გამოცემაში.

აღნიშნული პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, პარიზის ფრანგული ინსტიტუტის და საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის დახმარებით. დღემდე ამ პროგრამით გამოცემულია 166 პუბლიკაცია. გამოსაცემად მზადდება და გეგმაშია კიდევ 26 პროექტი.