23 იანვარი, 2015

მისტერ ბინი ეკრანებს უბრუნდება

კომიკური პერსონაჟი მისტერ ბინი ეკრანებს გაზაფხულზე დაუბრუნდება. ის მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო ტელემარათონში, რომელიც BBC-ის არხზე გავა. ინფორმაციას უცხოური გამოცემა “The Telegraph” ავრცელებს.

mister-bini2გაზეთის ინფორმაციით, მისტერ ბინის როლის შემსრულებელმა როუენ ატკინსონმა გადაღებები უკვე დაასრულა. მისი გმირი ეკრანზე 13 მარტს გამოჩნდება. სცენარის დეტალები შემოქმედებითი ჯგუფის მიერ ჯერჯერობით არ ხმაურდება.

სერიალის ჩვენება, რომელმაც თითქმის 19 მილიონი მაყურებლის გაერთიანება და ტელეეკრანებთან მიჯაჭვება შეძლო, 1995 წელს დასრულდა. 1997 და 2007 წლებში გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმები მისტერ ბინის თავგადასავლებზე.

როუენ ატკინსონი, რომელმაც 60 წლის იუბილე 6 იანვარს იზეიმა, მისტერ ბინის როლში 2012 წელს ლონდონში ოლიმპიადის გახსნაზეც გამოჩნდა.