მელ გიბსონი იუბილარია

mel1მელ გიბსონი, იგივე მელ კოლმ-კაილ ჯერარდ გიბსონი 3 იანვარს 59 წლის გახდა. მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ათეული წლებია კინოში აქტიურად მოღვაწეობს და არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია.

ხელოვანი ირლანდიელი კათოლიკების ოჯახში დაიბადა, სადაც მელის გარდა, კიდევ 10 ბავშვი იყო. მომავალი მსახიობი ბავშვობიდან წარმოდგენებს დგამდა და-ძმების წინაშე. როდესაც სიდნეის თეატრალურმა სტუდიამ განცხადება გაავრცელა 18–20 წლის ტალანტების ძიების შესახებ, მელ გიბოსნის დამ მისი ფოტო გაგზავნა და ის სტუდიაში მიიღეს.

მსახიობის პირველი ფილმი იყო „ცხელი ზაფხული“. ის ავსტრალიური კინოჯილდო „სემით“ დააჯილდოეს დრამაში „ტიმი“ შესრულებული როლისთვის. მორიგი „სემი“ მან მიიღო პიტერ უირის ფილმში „გალიპოლი“ შესრულებული როლისთვის. გიბსონის ჰოლივუდური დებიუტი კი შედგა ფილმში „ბაუნტი“, სადაც მისი პარტნიორი ენტონი ჰოპკინზი იყო. ჰოლივუდში რამდენიმე ფილმში გადაღების შემდეგ, მსახიობი დაბრუნდა თავის მეორე სამშობლოში.

კინოკარიერაში ორწლიანი შესვენების შემდეგ მელ გიბსონი გადაიღეს ფილმში “სასიკვდილო იარაღი”, თუმცა საქვეყნო აღიარება მოიპოვა ფილმით „გზის მებრძოლი“. 90–იანი წლების დასაწყისში მან დააფუძნა საკუთარი კინოკომპანია და გადაწყვიტა რეჟისორობაც ეცადა. მან გადაიღო ფილმი „ადამიანი სახის გარეშე“, რასაც მოყვა ისტორიული დრამა “მამაცი გული”. ფილმი რამდენიმე ოსკარით დაჯილდვდა და წლის საუკეთესო სურათად იქნა აღიარებული.

მელ გიბსონის მიერ გადაღებულმა ფილმმა “ქრისტეს ვნებანი” მსოფლიო შოკში ჩააგდო. ნაწილმა რეჟისორი სადიზმში დაადანაშაულა, ნაწილმა კი მისი ფილმი დადებითად შეაფასა. კრიტიკის პარალელურად, მისმა ნამუშევარმა მაყურებელში მოწონებაც დაიმსახურა.

შვიდი შვილის მამა ბოლო პერიოდში ფართო საზოგადოებას თავს მხოლოდ სკანდალებით ახსენებს. მისი ბოლო მეუღლე პიანისტი აქსანა გრიგორევა მელ გიბსონს ახლაც სასამართლოში უჩივის და ალიმენტის გადაუხდელობაში ადანაშაულებს.