22 იანვარი, 2015

ლიტერატურის მუზეუმში ფოტოგამოფენა გაიხსნება

borjomi423 იანვარს ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ფოტოგამოფენას “ძველსა და ახალ ბორჯომში”.

გამოფენა მომზადდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოფონდებში დაცულ ისტორიული მასალების საფუძველზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ისტორიულ მეხსიერებაში შენარჩუნების აუცილებლობას გულისხმობს.

თქვენს თვალწინ დოკუმენტური სიზუსტით გაცოცხლდება ძველი ციხე-სიმაგრეები, ეკლესიები, ქალაქის პეიზაჟები, სიცოცხლით სავსე ქუჩები და მოედნები, პარკები, მშენებარე ხიდები, ბაზარი და სხვადასხვა დანიშნულების საერო არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშები. მათ შორისა ნიკოლოზ რომანოვის სასახლე და პარკი ლიკანში, მინერალური წყლის პარკი და მასში განთავსებული მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა და მოლდენგაუერის ჰიდროელექტროსადგური, რემერტის პარკი და კავალერიის ფლიგელი, სერგი მიხეილის ძე რომანოვის სასახლე, რომანოვების კანცელარია – ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ირანის ელჩის დასასვენებელი სახლი “ფირუზა”, ფოსტა, სასტუმრო “გრეცია”.

ბორჯომის არქიტექტურის ფონზე შეიგრძნობთ ძველი ქართული კურორტის არისტოკრატულ-რომანტიკულ ატმოსფეროს.