16 იანვარი, 2015

ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დენირო რეკლამაში გადაიღეს

Theჰოლივუდის მსახიობები ლეონადო დიკაპრიო და რობერტ დენირო რეკლამაში გადაიღეს. ისინი კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან ერთად კაზინოს რეკლამაში იღებენ მონაწილეობას. რეკლამაში წამიერად ჩნდება კიდევ ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი.

Time-ის ცნობით, სათამაშო-სასტუმრო კომპლექსი City of Dreams ჩინეთის ქალაქ მაკაოში მდებარეობს და მისი რეკლამისთვის მისმა მფლობელმა ავსტრალიელმა ბიზნესმენმა ჯეიმს პაკერმა 70 მილიონი დოლარი გადაიხადა. კომპლექსში გაერთიანებულია 4 სასტუმრო 2 ათასამდე ნომრით, ბარებით, რესტორნებით, აუზებით და ჩოგბურთის კორტებით. აქ რეგულარულად ეწყობა საცირკო, საცეკვაო, მულტიმედიური და ეროტიკული შოუები. ეს კომპლექსი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია.

ერთწუთიანი ვიდეო წინასწარ აანონსებს მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ვიდეოში დენირო და დიკაპრიო კამათობენ იმაზე, თუ ვის შეხვდება მთავარი როლი მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში. თავის მხრივ, რეჟისორი აცხადებს, რომ როლს იმას მისცემს, ვინც შეძლებს კომპლექსის სტუმრების მოხიბვლას. ამის შემდეგ მსახიობებს შორის შეჯიბრი იწყება.

გამომცემლობა ხაზს უსვამს, რომ მარტინ სკორსეზეს ყველაზე მეტად სწორედ ასეთ მსახიობებთან უყვარს მუშაობა. დიკაპრიომ რეჟისორის ექვს ფილმში მიიღო მონაწილეობა, დენირომ – რვაში, თუმცა ერთად სამეულს არასდროს უმუშავია.