Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

5 იანვარი, 2015

Jemal_ajiashvili1ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტისა და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალებიდან 5 იანვარს ორი წელი გავიდა.

ჯემალ აჯიაშვილი დაბა სენაკში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენების ინსტიტუტში, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–უცხოური ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი, არჩეულ იქნა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგედ, იყო ებრაული სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. ასევე, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი, სამი მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის და ებრაულ თემთა ევროკავშირის ორგანიზაციათა წევრი, საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები, ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წარმატებით დაიდგა მის მიერ ნათარგმნი კარლო გოცის პოემა-ზღაპარი “ცისფერი უკუნეთი”, ჩიკამაცუს დრამატული პოემა “შეყვარებულთა თვითმკვლელობა კუნძულის ზეციურ ბაგეზე”.

ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობას მან მიუძღვნა ისტორიული ესე “გაიღვიძე ქნარო!” – პიესა-მონოლოგი, რომელიც კოტე მახარაძემ დადგა ერთი მსახიობის თეატრში.

ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ის გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ივანე მაჩაბელის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. ჯემალ აჯიაშვილს გადაეცა „საბა” საუკეთესო თარგმანისთვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“.

პოეტი და მწერალი 69 წლის ასაკში ისრაელში გარდაიცვალა.