26 იანვარი, 2015

გაგა ჩხეიძე: დაუბრუნეთ აქციები კინემატოგრაფისტებს!

gaga6თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე მოუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს აქციების 100% კინემატოგრაფისტებს:

”კინემატოგრაფიული ომის თაობაზე:

ვერ გამიგია, რით ვერ ელევა ეკონომიკის სამინისტრო სააქციო საზოგადოება “ქართულ ფილმს”, რომელსაც დღიდან დაარსებისა (1994) არანაირი მოგება არ მოუტანია და დივიდენდები არ გაუცია? თუ მეხსიერება არ მღალატობს, სახელმწიფომ კურსი აიღო საწარმოების (და ზოგადად) პრივატიზებაზე, როცა საბაზრო ეკონომიკის პრინციპები აღიარა. ჰოდა, აიღონ და გადასცენ აქციების 100% კინემატოგრაფისტებს, ყოფილ თანამშრომლებს, რომელთაც ამ აქციების 33 პროცენტი 2013 წლამდე ისედაც ეკუთვნოდათ. არ მითხრათ, არ შეიძლებაო. ის ხომ შეიძლებოდა, რომ დმანისის კინოთეატრი საპატრიარქოს აჩუქეს, ხოლო თბილისის აბანოები – მექისეებს?..

თუ როგორ მოუვლიან კინემატოგრაფისტები ამ აქციებს შემდგომში, დააყენებენ თუ არა წარმოებას ფეხზე, ეს მათი საზრუნავი იქნება. თუ ვერ მოახერხებენ, გაკოტრდებიან და მორჩა. სრული აბსურდია დღეს სახელმწიფო სტუდიაზე “ჩაციკვლა”, მაშინ როცა უკვე უამრავი კერძო წარმატებული სტუდია არსებობს.

მერამდენე მესია უნდა მოუვლინონ “ქართულ ფილმს”? მერამდენე დირექტორმა უნდა იზრუნოს (ან რა მოტვაცია უნდა ჰქონდეს) სხვისი (ანუ სახელმწიფო) ქონების გამდიდრებაზე?

მოკლედ, სახელმწიფოს ადგილას საერთოდ არ ავიტკივებდი თავს და ერთ დღეში გადავცემდი აქციებს თანამშრომლებს. ამით 3000-მდე კინემატოგრაფისტსაც დავაკმაყოფილებდი და მავანთა მიერ დაპირებულ დიდ კინემატოგრაფიულ ომსაც ავაცილებდი სამშობლოს!”