9 იანვარი, 2015

FACES – ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში

faces29 იანვარს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა “FACES” – “სახეები” გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული, სხვადასხვა მასალაში შესრულებული პორტრეტების ნიმუშები.

ადამიანის გარეგნული თუ შინაგანი თვისებების გამოსახვა ყოველთვის, ყველა ეპოქაში და ხელოვნების ყველა დარგისათვის იყო მნიშვნელოვანი. პორტრეტის ფენომენი ხალხურ ოსტატებს და თვითნასწავლ მხატვრებსაც იზიდავდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული პორტრეტების ავტორები – გრიგორიანცი, მარადაშვილი, მელიაშვილი, ზარაფიშვილის ნამუშევრები შეტანილია მსოფლიო “ნაივი” მხატვრების ცნობილ ენციკლოპედიაში.

მუზეუმში დაცული თვითნასწავლი მხატვრების უნიკალური კოლექცია ძირითადად 1930-1990-იან წლებში შეგროვდა. კოლექცია ქრონოლოგიურად მოიცავს 1900-1970 იანი წლების პერიოდს.

ფერწერული ნამუშევრების გვერდით გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მასალაში და ტექნიკით – ვერცხლი, სპილოს ძვალი, კერამიკა, ნაქარგობა, ფარდაგი – შესრულებული პორტრეტები.

ეს ნამუშევრები ადამიანის პორტრეტული ხასიათის გადმოცემასთან ერთად შესრულების ოსტატობითაც გამოირჩევა.

გამოფენაზე წარმოდგენილი რეალური თუ ისტორიული სახეები ყურადღებას იპყრობს განზოგადებით, გამოსახვის თავისუფლებით, უბრალოებით, სიმარტივით, გაბედულებით,გულუბრყვილობით, ლაკონიური ფერადოვანი შეხამებებით, განსხვავებული ესთეტიკით.

აქ წარმოდგენილ ავტორებს აერთიანებს, ნატურისადმი გულწრფელი ადამიანური დამოკიდებულება, გამოსახვისას შინაგანი თავისუფლება, ინდივიდუალიზმი.

ამ ტიპის ხელოვნების აღმნიშვნელი ტერმინები “ნაივური” პრიმიტივისტული, თვითნასწავლი, ხალხური, მოყვარული, ბრუტალური, გარიყულთა ხელოვნება – მრავალფეროვანია და სრულად ვერ მოიცავს არსს, თუმცა თითოეული მათგანის მნიშვნელობა ნაწილობრივ ესადაგება გამოფენაზე წარმოდგენილი ავტორების შემოქმედებას.

აქ წარმოდგენილი ავტორების ერთ-ერთი მთავარი ღირსება შემოქმედებითი პროცესის უშუალობა, თავისუფალი აზროვნება, სიხალასე და თვითმყოფადობაა. მივიწყებული ავტორების, მიერ შექმნილი განუმეორებელი სახეების დღეს კიდევ ერთხელ წარმოჩენა მნიშვნელოვანი უნდა იყოს ხელოვნების მოყვარულთათვის, რადგანაც დღევანდელ ხელოვნება სწორედ ამ შემოქმედებითი თავისუფლების ნაკლებობას განიცდის.

დამთვალიერებლებს გამოფენის ნახვა გაზაფხულამდე შეეძლებათ.