13 იანვარი, 2015

ეროვნულმა არქივმა ზღაპრების გამოქვეყნება დაასრულა

japan1იაპონური ზღაპრების ქართული აუდიოვერსია ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა, რითაც ეროვნულ არქივში დაცული ზღაპრების გამოქვეყნება დასრულდა.

ბავშვებისათვის შექმნილი პროექტის „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ ფარგლებში გამოქვეყნდა ქართული, გერმანული, სლოვაკური, ინდონეზიური, ჩეხური და იაპონური 90 ზღაპრის აუდიოვერსია. ჩანაწერები მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებშია შექმნილი და პროექტის განხორციელებამდე მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე ინახებოდა.

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ზღაპრების აუდიოარქივის დამუშავებისა და ციფრულ მატარებლებზე გადაწერის შემდეგ ჩანაწერები აიტვირთა სპეციალურ ვებგვერდზე და მისი მოსმენა ყველას შეუძლია. ზღაპრები ხელმისაწვდომია, ასევე ეროვნული არქივის ოფიციალურ გვერდზე, პროექტისთვის შექმნილია სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელშიც.

პატარებისთვის ზღაპრებს კითხულობენ ქართველი მსახიობები მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი, პროექტის მხატვარი კი ზაალ სულაკაურია.