9 იანვარი, 2015

დოდო რქის მონასტრის მხატვრობა XIII საუკუნისაა

gareji2ღვთისმშობლის გამოსახულება, ხარების სცენა, წმინდა მხედრების, წმინდა მამების და წმინდანთა ცხოვრების სიუჟეტები – დავით გარეჯის დოდო რქის მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდეში, წმინდანთა გამოსახულებებით მოხატული, დღემდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო გამოვლინდა. წინასწარი მონაცემებით უნიკალური მხატვრობის ნიმუშებს სპეციალისტები XIII საუკუნით ათარიღებენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამას გახსნილად აცხადებს. სწორედ ახლადგამოვლენილი სამლოცველო იქნება პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პროექტი. დოდოს რქის კლდეში ნაკვეთი ძეგლის მხატვრობას პირველი გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაო ჩაუტარდება. შესაბამისად, ადგილზე დაიწყება კვლევითი სამუშაოები, რომელიც დოდოს რქის მამათა მონასტრის ირგვლივ უახლეს ინფორმაციას გაგვაცნობს.

სამეცნიერო თვალსაზრისით, მსგავსი ტიპის და შინაარსის აღმოჩენა უპრეცედენტოა, რომელიც ადასტურებს რომ მდიდარი მემკვიდრეობის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა ისეთი ძეგლი, რომელიც ამ დრომდე ისტორიულ და სამეცნიერო წყაროში აღნიშნული არ იყო.

ახლადგამოვლენილი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ, ძეგლის შეფასებისა და გადაუდებელი გამაგრებითი და გადარჩენითი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით არქეოლოგებთან, არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის ექსპერტებთან ერთად ადგილი უშუალოდ მოინახულა. ღონისძებას დაესწრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ლევან ხარატიშვილი.