Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დღეს ნინოობაა

27 იანვარი, 2015

nino227 იანვარს საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლისა და გამავრცელებელის მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენება აღინიშნება. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულის ხსენება წელიწადში ორჯერ არის 27 იანვარს და 1 ივნისს.

წმინდა ნინოს მშობლები იყვნენ მამა ზაბილონი და დედა სუსანა. წმინდანი 12 წლამდე მშობლებთან იზრდებოდა. შემდეგ მისმა მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ და წავიდნენ იერუსალიმში. ზაბილონი პატრიარქის კურთხევით დაშორდა სუსანას, გამოემშვიდობა მხოლოდშობილ შვილს და წავიდა იორდანის გაღმა ასკეტური ცხოვრებისთვის, რის შემდეგაც იგი არავის უნახავს. სუსანა კი პატრიარქმა დააყენა გლახაკებისა და უძლური ქალების მომვლელად.

ნინო ორი წლის განამავლობაში ემსახურებოდა მიაფორს, დვინელ სომეხს, რომელიც მას უყვებოდა ქრისტეს ცხოვრების, მისი შესამოსელის, ჯვრების და სხვა სიწმიდეების შესახებ. მისგან შეიტყო ნინომ, რომ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს წაუღიათ მცხეთაში და მისგანვე შეიტყო ამ ქვეყნის ადგილმდებარეობის ამბავი.

წმინდანმა გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა, ბევრი განსაცდელისა და დაბრკოლებების შემდეგ, საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და საქართველო გააქრისტიანა, მათ შორის, მეფე მირიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნანა.

წმინდა ნინომ მთელი საქართველო გააქრიატიანა და საბოლოოდაც საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. კახეთში სარწმუნოების ქადაგების შემდეგ წმინდანი დასნეულდა და გამოემართა მცხეთისკენ და როდესაც მოაღწია კუხეთის დაბა ბოდინს, იქიდან ვეღარ შეძლო სიარული. მეფემ გაგზავნა მსახურები, რათა წმინდანი მცხეთაში წაეყვანათ, მაგრამ თავად არ ისურვა ასე. წმინდა ნინო გარდაიცვალა იქვე 31 წლის ასაკში, მისი გარდაცვალების მიზეზი იყო „სიცხე და ხურვება“, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით მალარიას შეესაბამება.

განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა მირიან მეფემ განიზრახა, რომ წმინდანი მცხეთაში გადმოესვენებინა და სვეტიცხოვლის წინ დაეკრძალა, მაგრამ ორასმა კაცმაც კი ვერ დაძრა ის მცირე საკაცე, რომელზედაც ნინო აღესრულა. ამის გამო წმინდანის გვამი დაკრძალეს ბოდში და მთელი სამეფო მას ოცდაათი დღე გლოვობდა. მირიან მეფემ წმიდა ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა, ხოლო ნანა დედოფალს ანდერძით დაუბარა, რომ სამეფო სალარო ორად გაეყო და ერთი ნაწილი ნინოს საფლავისთვის შეეწირა, რათა თავისი ბუნებრივი სიმწირის გამო დიდება არ მოკლებოდა იმ ადგილს.