25 იანვარი, 2015

“ART – ხელოვნება“ საიუბილეოდ გათამაშდება

art225 იანვარს მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული სპექტაკლი “ART – ხელოვნება“ ქართველი მწერლის, დრამატურგისა და მთარგმნელის თამაზ გოდერძიშვილის 80 წლის იუბილეს მიეძღვნება.

წარმოდგენას, რომელიც უკვე 16 წელია თეატრის რეპერტუარშია, დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ის თამაზ გოდერძიშვილს „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.

თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული სპექტაკლი წარმოადგენს პაროდიას თანამედროვე ხელოვნებაზე, რომლის ყველა კომპონენტი სრულიად ავსებს არა მარტო სასცენო სივრცეს, არამედ მაყურებელთა დარბაზსაც. იასმინა რიზას პიესის „ART – ხელოვნება“ თარგმანი თამაზ გოდერძიშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში თამაშობენ მსახიობები ზურა ყიფშიძე, მიხეილ გომიაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი. სპექტაკლის პრემიერა პირველად 1999 წლის 2 ოქტომბერს შედგა.

თამაზ გოდერძიშვილი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი და ინსცენირების ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის მიერ თარგმნილი პიესები წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრების რეპერტუარშია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი და თემურ ჩხეიძის წარმატებული თანამშრომლობა. მათი ტანდემის შედეგია სპექტაკლები „ჯაყოს ხიზნები“, „ლამბალო და ყაშა“, „მარადი ქმარი“, “პილატე“, „ART – ხელოვნება“, „მოლი სუინი“ „სასიყვარულო ბარათები“ და ბევრი სხვა.