ალილო მთელ საქართველოში ჩატარდება

alilo2შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მთელი საქართველო ალილოს ზეიმობს. მეალილოეები საქართველოს ყველა რეგიონში შეაგროვებენ ტკბილეულს და საჩუქრებს მზურნელობამოკლებული ბავშვებისთვის და პანსიონატებში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის.

საქართველოში შობას ალილოობის ტრადიცია არსებობს. უკვე საუკუნეებია, ქართველები ალილოობის მონაწილეებს და მიმლოცველებს სხვადასხვა საჩუქრებით ხვდებიან: ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, შობის სიმბოლოთი, რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც!

ალილოობა გასული საუკუნის 90-იან წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით აღდგა. განახლებული ალილო 2000 წლიდან აღინიშნება. საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა – საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას. მასზე დასწრება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
თბილისში საშობაო ალილო “ვარდების მოედნიდან” დაიწყება. სასულიერო პირები საკმევლის კმევით და ნაკურთხი წყლის პკურებით მოგვებთან, მწყემსებთან და მახარობლებთან ერთად საშობაო მუსიკისა და გალობის ფონზე გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, ბარათაშვილის ხიდს და ბოლოს სამების ტაძართან მივლენ. მსვლელობის მონაწილეებს წინ გაუძღვება შობის ხატი.

მსვლელობას წელსაც თეატრალური სახე ექონება. პროცესიას წინ თეთრ სტიქარში გამოწყობილი პატარები გაუძღვებიან, მათ გაჰყვებიან მწყემსები და სასულიერო პირები. სპილოები, ჟირაფები, აქლემები და კუები თავისი ტახტრევნებით მეალილოეების მეგზურები იქნებიან. მეალილოეები მსვლელობის განმავლობაში მოსახლეობის მიერ შეწირულ ტკბილეულს შეაგროვებენ. სტიქარებში გამოწყობილი მახარობლები ყველას მისი უწმინდესობის საშობაო მისალოც ბარათებს დაურიგებენ.

მეალილოეები მსვლელობის განმავლობაში რამდენიმე ადგილას შეჩერდებიან, პარლამენტის შენობასთან, თბილისის საკრებულოსთან, საპატრიარქოსთან და პრეზიდენტის სასახლესთან. ალილოს საზეიმო მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება.