9 იანვარი, 2015

9 იანვარი სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა

farajanov1ცნობილი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი 9 იანვარს 91 წლის გახდებოდა. მის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპეციალური საღამო დაიგეგმა, სადაც დიდებული კინორეჟისორი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში. მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.

სერგო ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა.

ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით.

ფილმების გადაღება ფარაჯანოვს აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“, რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღსარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.

სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში ერევანში, კიბოს დაავადებით გარდაიცვალა.