Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

30 იანვარს ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა

30 იანვარი, 2015

Veriko4ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა ვერიკო ანჯაფარიძე 30 იანვარს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი მსახიობი გამორჩეულად უყვარდა ქართულ საზოგადოებას. ის აღიარებულია თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელად, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთ შემქმნელად და დამამკვიდრებელად, ასევე კოტე მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევრად და დამცველად.

მსახიობობას ვერიკო ანჯაფარიძე მოსკოვისა და თბილისის დრამატულ სტუდიებში დაეუფლა. სხვადასხვა წლებში იყო რუსთაველის თეატრის, ბათუმის თეატრის, თბილისის „მუშათა თეატრის“, ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის მსახიობი. ის მუშაობდა მოსკოვის „რეალისტურ თეატრშიც”, სადაც მაქსიმ გორკის „დედაში” შეასრულა სოფიას როლი. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში მივიდა და სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ვერიკო ანჯაფარიძე ძირითადად იყო ტრაგიკულ-დრამატული პლანის მსახიობი, თუმცა არაჩვეულებრივი სილაღით განასახიერა მირანდოლინა გოლდონის „სასტუმროს დიასახლისში”. იყო მკაფიო ინდივიდუალობის მსახიობი, ჰქონდა თანადროულობის მკაფიო შეგრძნების უნარი, გამოირჩეოდა მეტყველი საშუალებების სიუხვით. მის მიერ შექმნილ ტრაგიკულ და დრამატულ სახეებს ახასიათებდა მაღალი პათეტიკურობა, უდიდესი ლირიზმი, უშუალობა, სცენური ნახაზის მკაფიობა.

მსახიობის შემოქმედებაში განვითარება მოიპოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიკულმა ტრადიციებმა. მის სახელთან არის დაკავშირებული კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ვერიკო ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და საბჭოთა კინოს განვითარებაში.

ვერიკო ანჯაფარიძე მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. ის ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. მარჯანიშვილის თეატრში დადგა სპექტაკლები „ინჟინერი სერგეევი”, „ხეები ზეზეურად კვდებიან”, “მღელვარე დღეები”. მსახიობა ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

ხელოვანი ცოლად გაჰყვა პოეტ შალვა ამირეჯიბს, შემდეგ კი რეჟისორ მიხეილ ჭიაურელს. ჭიაურელის და ანჯაფარიძის ქალიშვილი იყო მსახიობი სოფიკო ჭიაურელი. ვერიკო ანჯაფარიძე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.