21 იანვარი, 2015

21 იანვარს მოსე თოიძე დაიბადა

mose221 იანვარს ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი მოსე თოიძე დაიბადა. წელს მისი დაბადებიდან 144 წელი შესრულდა.

სახალხო მხატვარი, სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ილია რეპინის რეკომენდაციით და მუშაობდა ილია რეპინის სახელოსნოში.

მოსე თოიძე ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლად ითვლება. ის მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა საყოფაცხოვრებო, ისტორიული, პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტის ჟანრებში.

მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები: „ვიწრო ქუჩა“, „მრეცხავი“, „ბაზაზხანა“, „მაწვნის გამყიდველი“, „მეთევზის დუქანი“, „ნავი მტკვარზე“, „ძველი თბილისის აშუღი“, „თბილისის სახურავები“, ასევე ციკლი თბილისის მთვარიანი ღამეები. მან ნამუშევრები მეორე მსოფლიო ომის თემასაც მიუძღვნა, შექმნა თანამედროვეთა პორტრეტები.

მოსე თოიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მხატვრის სახელს ატარებს სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი. მისი სახელობის სახლ-მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, სულ 2.000-ზე მეტი ერთეული, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. აგრეთვე მისი შვილის მხატვარ ირაკლი თოიძის ნამუშევრები.