16 იანვარი, 2015

16 იანვარი Beatles-ის საერთაშორისო დღეა

beatles216 იანვარს Beatles-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს თარიღი მას შემდეგ დაწესდა, რაც 1957 წლის 16 იანვარს ლივერპულში კლუბი Cavern გაიხსნა. სწორედ ამ კლუბში შედგა ლეგენდარული ოთხეულის დებიუტი.

Beatles პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფია ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ ჯონ ლენონი (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი).

Beatles სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სეტკლიფმა დატოვა კოლექტივი და ერთ წელში ის რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი – ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით „Love Me Do“. შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებს მართავდნენ.

1970 წლამდე ჯგუფმა შეწყვიტა ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. Beatles ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი 1980 წელს ნიუ-იორკში მისივე ფანმა მოკლა. ჯორჯ ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად პოლ მაკარტნი და რინგო სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე Beatles-თან დაკავშირებულ პროექტებზე.

სტუდიური წლების პერიოდში Beatles-მა ჩაწერა ალბომი ”Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band”, რომელსაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო ნამუშევრად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ჯგუფად, ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები.

RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს. 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც Beatles პირველ პოზიციას იკავებდა. კოლექტივს მიენიჭა გრემის 7 და აივორ ნოველოს 15 ჯილდო. ჟურნალმა Time ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნების სიაში.