14 იანვარი, 2015

14 იანვარს ლადო ასათიანი დაიბადა

lado-asatiani1ქართველი პოეტი ლადო ასათიანი 14 იანვარს დაიბადა. ორ წელიწადში მისი დაბადებიდან 100 წელი შესრულდება.

ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სწავლისას ლადომ გაიცნო დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. ქუთაისელმა პოეტმა მალევე შეძლო თავისი ლექსებით ყურადღების ცენტრში მოხვედრა. მისი პირველი ლექსი „თებერვლის დილა“ გამოქვეყნდა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. მისი ლექსები სიყვარულსა და პატრიოტიზმზე იწერებოდა.

ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940-1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა, პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გავრცელებულა, რადგან იგი დაჭრეს და გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.

ლადო ასათიანი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავიდან ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

მისმა მეგობარმა მწერალმა ნიკა აგიაშვილმა ლადო ასათიანსა და მის თანამედროვე მწერლებსა და პოეტებზე მოგონებების წიგნი დაწერა, რომელსაც “ჭაბუკები დარჩნენ მარად” უწოდა.