10 იანვარი, 2015

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პრეზენტაციას გამართავს

xelnaweri212 იანვარს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება სინას მთაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია. ასევე, ფოტოებისა და სინას მთასთან დაკავშირებული ხელნაწერების გამოფენა.

2002 წლის შემდეგ, სათანადო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვერ ახორციელებდა სინას მთაზე ექსპედიციებს და იქ დაცული კოლექციის კვლევას.

2014 წლის დეკემბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს დახმარებით ცენტრის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ ემუშავათ სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში დაცულ ქართულ ხელნაწერთა უნიკალურ კოლექციაზე.

სინას მთაზე ქართველები ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში გამოჩნდნენ, მე-9 საუკუნეში კი ქართული კოლონია ჩამოაყალიბეს და ქართველთა უმნიშვნელოვანეს სამოღვაწეო ადგილად აქციეს.

სინას მონასტერში ქართველ მამებს უმდიდრესი და მრავალფეროვანი საკუთარი წიგნთსაცავი ჰქონდათ, რომელიც მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით კი არ მდიდრდებოდა, არამედ მას გამუდმებით ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან – იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან, გეთსიმანიიდან, გოლგოთიდან, პალავრიდან, საბაწმიდიდან და სხვა ცენტრებიდან. სინას მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც სინაზეა დაცული, თუმცა გარკვეული ნაწილი დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით მოხვდა პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში – მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში, სინური კოლექციის მე-10 საუკუნის ჭილ-ეტრატის იადგარი ამჟამად ჩვენთან, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
სინას მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფიისა თუ ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისტორიკოს-თეოლოგებიც. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს იოანე მინჩხს. მოგვიანებით, საბაწმიდის ლავრიდან სინას მთაზე გადავიდა და იქ სასულიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო იოანე ზოსიმემ. სინას მთაზე იღწვოდნენ მიქაელ ფანასკერტელი, იოანე კუმურდოელი, იოანე სინელი და სხვა მრავალი.

ქართული კულტურის ამ უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის – სინას მთის ქართველ მამათა მემკვიდრეობა, მრავალ მიზეზთა გამო, სათანადოდ შესწავლილი არ არის. იგივე ითქმის სინას მთის ქართულ ხელნაწერებზეც, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადასხვა დროს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მეცნიერებიც იკვლევდნენ.

დიდი ხნის წყვეტის შემდეგ განხორციელებული პირველი ექსპედიციით განზრახულია სინას მთის ქართულ ხელნაწერთა კვლევისა და პოპულარიზების ახალი ეტაპის დაწყება, რაც გულისხმობს კომპლექსური სამუშაოების ჩატარებას: ერთიანი, თანამედროვე სტანდარტების ქართულ და ინგლისურენოვანი კატალოგის გამოცემას, მონაცემთა ბაზის შექმნას, სხვადასხვა სახის კვლევითი, საგამომცემლო, საგამოფენო პროექტების განხორციელებას, ხელნაწერთა დიგიტალიზაციას და რესტავრაცია-კონსერვაციას.

სინას მთის ქართულ ხელნაწერთა მონაცემების აქტიურ სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა აქტუალური და მნიშვნელოვანია როგორც მულტიდისციპლინური კვლევებისათვის, ისე ცალკეული ჰუმანიტარული დარგებისათვის: ფილოლოგიისათვის, ქართული მთარგმნელობითი ტრადიციების კვლევისათვის, რედაქციათა ურთიერთმიმართების შესწავლისათვის, ტექსტების პუბლიკაციებისათვის, ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევეებისათვის, ისტორიული და წყაროთმცოდნეობითი ძიებებისათვის, სინური ხელნაწერები შეიცავს მნიშვნელოვანი ისტორიული ხასიათის ინფორმაციის შემცველ კოლოფონებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ექსპედიცია მომავალ წელსაც იგეგმება.