31 დეკემბერი, 2014

ტფილისის ჰამქარი: “წავაგეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება!”

tiflis1ტფილისის ჰამქარის განცხადებით, სოლოლაკის ქედის გარკვეულ მონაკვეთს თბილისის საკრებულომ რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნა. გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 10 დეპუტატი წავიდა.

გადაწყვეტილებას ხმა უმრავლესობის წარმომადგენლებმა მისცეს, მხარი არ დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, ფრაქცია რესპუბლიკელებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა. კენჭისყრამდე საკითხის გადადება ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებმა და თავისუფალმა დემოკრატებმაც ითხოვეს.

ამ ტერიტორიაზე პანორამა-თბილისის პროექტი უნდა განხორციელდეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ კვლევებს, თუ რა გავლენას მოახდენს პროექტი ძველი თბილისის იერსახეზე.

ტფილისის ჰამქრის წარმომადგენლის ცირა ელისაშვილის განცხადებით, ძველი თბილისი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიის პრეტენდენტობისთვის იბრძვის:

“ამ საკითხზე ბრძოლა გაგრძელედება აქციების ხაზით. შესაძლოა საქმე სასამართლომდეც მივიდეს, რადგან საზოგადოების გვერდის ავლით საკითხის ასე სწრაფად დამტკიცებით არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი ირღვევა, რომელიც საქართველოს პარლამენტს აქვს რატიფიცირებული.”

გადაწყვეტილებას აპროტესტებენ პარტიზანი მებაღეები და ტფილისის ჰამქარი. საკრებულოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს:

“საკითხი არ გადადეს! ზონას სტატუსი შეუცვალეს! წავაგეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება!”