8 დეკემბერი, 2014

თინა მახარაძე ბრავოს აფასებს

tinaმსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში მუსიკალურ შოუ “ბრავოს” აფასებს და მსახიობის პროფესიას აკონკრეტებს:

“და აი, კვირას, დღის მეორე ნახევარში, როცა უკვე ყველაფერი კარგად გავაანალიზე, გავფილტრე და ხორბალი აქეთ, ბზე იქით, დავჯექ წერად წერილისა:

ეგეთი რაღაც მსმენია ბევრჯერ: მსახიობის პროფესია სხვა რამეა და შოუს წამყვანობა სულ სხვა პროფესიააო. არ მჯერა (გნებავთ: არა მჯერავს). მსახიობობა უნივერსალური თემაა. მსახიობი საუკეთესო მებაღე უნდა იყოს, საუკეთესო იურისტი, ქირურგი, მოცეკვავე, საუკეთესო ბუღალტერი და მანიკიურის სპეციალისტიც კი იმის მიხედვით ვისი განსახიერება უწევს ამა თუ იმ როლში.

სამი ოქტომბრიდან მოყოლებული ჩემი ამოცანა იყო, კვირაში ერთხელ კარგი წამყვანი მეთამაშა მარჯანიშვილის სცენაზე. აქ უკვე ის პონტია: სცენარს/პიესას რომ გაწვდის რეჟისორი და პირველად კითხულობ, რაღაც ფოინთებს მოინიშნავ, გონებაში უხილავი გრიფელით შლი და ხაზავ კონტურებს და შენს თავთან მსჯელობას იწყებ როგორი გაწყობს, რომ იყო: ვინაიდან, ვისაც არ უნდა თამაშობდე, ყოველთვის უამრავი ვარიანტი გაქვს: სიტყვაზე, ჩემი ანკა (“ჩემი კუკარაჩა” ფრაზის არქეტიპად) ჩცდ-ში თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო მოსულელო, ლამაზი გოგო, რომელიც მარტო აღგაგზნებდათ, გაგაცინებდათ ალაგ-ალაგ და ოდნავადაც არ გაგაღიზიანებდათ, მაგრამ, მეგობრებო, ეს ყველაფერი მოსაბეზრებელია. მისიისგან დაცლილი ნებისმიერი როლი, მხოლოდ “საამო რომ არის საცქერლად დიაცის უბესავითა”, არ არის ცუდი, მაგრამ არჩევანზეა რა, ან რჩები მხოლოდ სასიამოვნოდ საყურებლად, ან მძაფრ რეაქციებს წარმოშობ. ანუ, ესე რომ გავაპროზაულო, ან კენჭი ხარ ტბაში რომ ვარდები, გარშემო პატარა, მშვენიერი რკალები გიჩნდება და ამის შემყურე შეყვარებულები ზანტად უთათუნებენ ერთმანეთს ხელებს ზურგზე (დიდი შანსია, რომ ერთ-ერთმა მეორეს მხარს მიღმა უჩუმრად დაამთქნაროს კიდეც) ან უფრო მოდიდო ქვა ხარ, ტყაპ და შხეფები ეწუწება ამ გოგო-ბიჭს, გნებავთ გოგო-გოგოს ან ბიჭსა და ბიჭს, ხოდა ბრაზდებიან: “ოოო,რა პონტია”, ნერვები ეშლებათ, დაუსველდათ ახალი ლამაზ-ლამაზი ზედები, ლაინერი გაეთხაპნათ თვალებზე შეიძლება, მაგრამ მერე მიტრიალდებიან, მზრუნველად მოწმენდენ ამ ზღუნტლიან წყალს ერთმანეთს ნიკაპზე, გაიცინებენ და უფრო მეტი მოძრაობა რა, ექშენი” რამე. სამაგიეროდ დაამახსოვრდებათ აუცილებლად, ვითომ უბრალო კადრად, მაგრამ ხშირად წამოუტივტივდებათ ხოლმე კი. მოკლედ არჩევანზეა ქვა თუ კენჭი.

აი, ესე ვფიქრობდი, როგორი თინა მახარაძე უნდა ვყოფილიყავი პარასკევობით: უბრალოდ, გამოხვედი დადექი, გაირონინე-გამოირონინე, თუ დადექი და გაირონიე და გააირონიე რაღაცები, საკუთარი თავი პირველ რიგში.

და ამ დროს რა რთულია: გადაძეძგილი დარბაზი, იქით მოძრავი კამერა, გვერდიდან სტედიკამი, რელსი, ფრონტალური კამერები, ერთი, ორი, სამი და რუსთავი ორის პირდაირ ეთერში ხარ, გიყურებს ერი. საქართველოში ღამის 11 საათია და არაფერი რიგზე არ არის. აუ, როგორ გიძაგძაგებს მუხლები პირველად, ტუჩებს თავს ვერ უყრი და თინა ან მემე კი არა, სულ გავიწყდება, ვინ ხარ. იმ ნაფიქრ/გადაწყვეტილი, მშვიდად და თვითკმაყოფილად შეჯერებული ვერსიებიდან ერთიც აღარ გახსოვს. გონებაში კიდე გიკაკუნებს ბოროტი შენი თავი: “შენ მსახიობი ხარ, შენ მსახიობი ხარ. როლი ითამაშე, კარგად ითამაშე, თორე არ გაპატიებ, არ გაპატიებ.” და აი, აქ გაუბედავად, ბორძიკ-ბორძიკით იწყებ პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი თავის თამაშს. ყველა შენს გადაჩქმალულ მე-ს იღებ და ერთი რეპლიკის დროს ერთი ხარ, მეორე რეპლიკის დროს მეათე. ქრონოლოგია არ არსებობს. ყველაფერი იმ წამს ხდება, იმ მომენტში, უთავბოლო რიგში რომელიც გამოძვრება, ის მეტყველებს შენი პირით და აჰ, მეგობრებო, რომ იცოდეთ, რამხელა კაიფია. უცებ, მოულოდნელად ისეთი მეები გიხტება, სულ რომ არ გახსოვდა და ტვინის სიღრმეში ესალმები ყველას გაოცებული და გულთბილად. ზოგსაც უკმეხად ტენი უკან და კი, კი მთელი შნოიანი დიასახლისობაა საჭირო, რომ სტუმრები გადაანაწილო ოთახებში ისე, რომ საჭიროებისამებრ და კერძებიც რომ უნდა შეამატო მაგიდას, მანდაც მთელი ვირტუოზული პროცესია, სად მეტი მარილი,სად მიხაკი და დარიჩინი, სად კიდე ილი, ისე რომ არ გადაიყვანოს მთლიანად თავის არომატზე, რომ შეინარჩუნოს სიზუსტე/ზომიერება-გემო და რეცეპტორები არ დაგისუსხოს. რთულია. ხან გამოგდის, ხან არა.ზოგჯერ ძალიან მიიწვავს ხოლმე, ზოგჯერ უმია და აი, როცა ყველა ინგრედიენტი ადგილზეა ღიმილი, სიტყვა, დგომა, სიცილი, ტემბრი, ირონია, აღფრთოვანება, მიმიკა, მანერა, შორისდებული, სუნთქვა და ნერწყვი, მაშინ, მაშინ ხვდები, რომ არ არსებობს რამე ისე ისტერიულად სასიამოვნო, როგორც ეგეთი კარგი პროფესია და ეგეთი კარგი როლი – წამყვანი.

მქონდა ბევრი შეცდომა ან გადაცდომა, უფრო სწორია, რაღაცები გამოუცდელობისგან, რაღაცებიც გამოცდილებისგან და მიზანმიმართულად: დიდი ქვის სროლა წყალში, რომ გამეწუწეთ ვიღაცები, ჰე ჰე, მაგრამ მებაღეებს, იურისტებს, ქირურგებსა და მოცეკვავეებს ვთხოვ, ბევრს ნუ იქირქილებთ, ვინაიდან მსახიობს ვერ ითამაშებთ კარგად ვერც ერთი, ნიძლავს ჩამოვალ და ვინძლო ითამაშოთ, ეგრევე, პირველივე ჯერზე მაინც ვერ მოგვნუსხავთ მაყურებელს და მაყურებელ მსახიობს უფრო. ამასთან ეგეც არის: არ განმსაჯოთ ჩემი არჩევანისთვის, როცა არ იცით ჩემი მიზეზები. ან თუ გინდათ, განმსაჯეთ, ქვების სროლა მე მევასება.

დამთავრდა. ბოლო დღეს ვიჯექი კულისებში და სცენაზე ბოლოჯერ გასვლამდე ვფიქრობდი, “როგორ შემეყრება ჩემი ქვეყანა და როგორ..” ვიტყუები, მაგას არ ვფიქრობდი. ვფიქრობდი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ძალიან მიყვარს არხი, სადაც ამდენ რამეს ვსწავლობ და როგორ ძალიან მიყვარს შოუ, რომელმაც ასე თვალსა და ხელს შუა გამზარდა და კიდევ უფრო დიდ სცენებზე რომ ვიდგები, მაშინაც სულ გამახსენდება ბრავო, მგონია, როგორც, რომ სხვა სახლებში გადასვლისას შენს სახლად მაინც პირველი გესიზმრება ხოლმე უმეტესწილად. “ფეხი ავიდგი”-ც უნდა ჩამეკვეხებინა სადმე, მაგრამ ისედაც გადატკეპნილია ფრაზები.

ახლა წავალ და აღებული ხელფასით ცხოვრებაში პირველად ჩემს პირველ ტუშს და ტუჩის რამე ფერად საცხს ვიყიდი. წამყვანად შევდექი მეტ-ნაკლებად და ცოტა გოგოსაც დავემსგავსო, არ იქნება ურიგო.”