5 დეკემბერი, 2014

სქურის ტაძარი აღდგება

squri1სქურის ფერისცვალების ტაძარი აღდგება და პირვანდელი სახე დაუბრუნდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთაძის განცხადებით, სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია გრანდიოზული და მონუმენტურ ნანგრევებად ქცეული XIII საუკუნის სქურის ფერისცვალების ტაძრის აღდგენა.

კულტურული მემკვდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2014 წლის პროგრამით ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება. სამეგრელოში დანგრევის პირას მყოფი დარბაზული ძეგლის სქურის ფერისცვალების ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები წელს დაიწყო.

სქურის რეაბილიტაცია სამ ეტაპად განხორციელდება, ამ დროისათვის ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გათავისუფლებულია მავნე მცენარეებისგან და დამუშავებულია ქიმიური ნივთიერებებით. მიწის სამუშაო პროცესში გამოვლენილი უძველესი ქვები მარკირებული და დასაწყობებულია და მზად არის ძეგლის აღდგენის პროცესში თავდაპირველ ადგილზე განსათავსებლად.

პროექტის პირველ ეტაპზე უკვე განხორციელებულია ძეგლის დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადის საპირე წყობის აღდგენა ქვის კვადრებით, ავთენტური მასალის კირ-დუღაბის გამოყენებით.

სქურის განსაკუთრებული მხატვრულ-სივრცითი ღირებულებიდან გამომდინარე და ძეგლის რთული ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელსაც ჩამოქცეული კამარები ამძმიმებს, სარეაბილიტაციო პროცესი რესტავრატორების დიდი ძალისხმევას საჭიროებს. სქურის ფიზკურ სამუშაოებს კომპანია „ივერთმშენი“ ახორციელებს, რომელმაც გასულ წელს წარმატებით განახორციელა და დაასრულა დუშეთის მუნიციპალიტეტში ფუძნარის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ სქურის სარეაბილიტაციო პროცესი ერთობლივად მოინახულეს. ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს 2015 წელს სქურის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპი და 2015 წელს სამეგრელოს რეგიონში ძეგლთა დაცვის სფეროში დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.