23 დეკემბერი, 2014

საყდრისზე სასამართლოში სარჩელი შევიდა

Sakdrisi_gold_mine1საყდრისი ყაჩაღიანის უძველეს მაღაროსთან დაკავშირებით, თბილისი საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიდა. ინფორმაციას საყდრისის ერთ-ერთი მცველი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს:

“საყდრისთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ: მე, ნინო მიქიაშვილმა, მამუკა ნოზაძემ, ირაკლი ლომიძემ, გაიოზ მეხრიშვილმა და დიმიტრი ჩაგელიშვილმა. სარჩელი მამუკა ნოზაძემ მოამზადა. ვითხოვთ, სასამართლომ ბათილად ცნოს 2014 წლის 12 დეკემბერს კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის მიერ გამოცემული კანონსაწინააღმდეგო ბრძანებები. ამასთან, მოსამართლეს მივმართეთ შუამდგომლობით და მოვითხოვეთ სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების გამოტანა, რომლის თანახმად, კომპანია „არემჯი გოლდს“ უნდა აეკრძალოს ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შევიტანეთ და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება, მიხეილ გიორგაძის, ნიკოლოზ ანთიძის წინააღმდეგ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სასამართლო განჩინების (2014 წლის 30 მაისის) აღუსრულებლობის გამო. ამავე საჩივარში ვითხოვთ „არემჯი გოლდის“ ადმინისტრაციის (ანუ აფეთქებების და ფართომასშტაბიანი სამუშაოების ბრძანებების გამცემების) და შემსრულებლების დასჯას.

სავარაუდოდ ხვალ გავიგებთ რას იზამს მოსამართლე, აუკრძალავს თუ არა „არემჯი გოლდს“ ფართომასშტაბიანი სამუშაოების განხორციელების უფლებას. თუ ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, გასაჩივრების უფლება გვაქვს და ამას უსათუოდ გავაკეთებთ.

სარჩელში 100 ლარი გადავიხადეთ, უზრუნველყოფის ღონებისთვის 50 ლარი შევიტანეთ ბანკში. ეს თანხა ჩვენი ჯიბიდან არ გადაგვიხდია, საყდრისის ბოლო შესაწირი გვქონდა შენახული და იქიდან ავიღეთ.”