31 დეკემბერი, 2014

საყდრისის მცველები: “ჩვენი უფლებები ილახება!”

Sakdrisi_gold_mine1საყდრისის მცველები და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრები ნინო მიქიაშვილი, დიმიტრი ჩაგელიშვილი, მამუკა ნოზაძე, ირაკლი ლომიძე და გაიოზ მეხრიშვილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბაქრაძეს საპასუხო წერილს უგზავნიან:

“კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის: ნინო მიქიაშვილის, დიმიტრი ჩაგელიშვილის, მამუკა ნოზაძის, ირაკლო ლომიძის და გაიოზ მეხრიშვილის განცხადება:

2014 წლის 29 დეკემბერს ჩაგვბარდა თქვენი წერილი N04/13-6278, რომელიც 2014 წლის 26 დეკემბრითაა დათარიღებული და რომელშიც აღნიშნავთ, რომ 2014 წლის 25 დეკემბერს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრიდან არ იკვეთება ჩვენი კანონიერი ინტერესი.

კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ (რომელსაც 2014 წლის 12 დეკემბრამდე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ჰქონდა) უდაოდ არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, როგორც აქ, საქართველოში, ისე ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო წრეებში.

საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო, რომლის ნგრევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, წარმოადგენს არა მარტო ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, არამედ, მას ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ამ ძეგლით დასტურდება, რომ სამთო წესით ოქროს მსოფლიოში პირველად საყდრისის მაღაროში მოიპოვებდნენ.

2014 წლის 12 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის მიერ მიღებული ბრძანება N2/271-ით ილახება ჩვენი, როგორც ქართველების ინტერესი. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მოვლა-პატრონობა, შენარჩუნება, როგორც უშუალოდ ჩვენი შთამომავლობისთვის, ისე ზოგადად მომავალი თაობებისთვის. მით უმეტეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას გვავალდებულებს კანონი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ პირდაპირ გვავალდებულებს ფიზიკურ პირებს მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.

ჩვენ, როგორც ქართული საზოგადოების წევრებს მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, რადგან ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც კი ჩვენს ერს გააჩნია და რამაც დღემდე მოგვიყვანა.
შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინიტრაციული აქტით ილახება ჩვენი უფლებები და გამომდინარე აქედან, უნდა მოხდეს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.”