რიანა “Puma”-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

Rihannaბარბადოსელი მომღერლის რიანას ცხოვრებაში სიახლეა. სრულიად მოულოდნელად ის სპორტული სამოსის მწარმოებელი კომპანიის “Puma” -ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა.

სპეციალური მიწვევით რიანას ჯერ კიდევ გასულ კვირას დაუკავშირდნენ “Puma”-ს წარმომადგენლები, რაზეც მომღერალმა თანხმობა განაცხადა. რიანამ და კომპანიამ უკვე გააფორმეს კონტრაქტი. უახლოეს მომავალში მომღერალი ამ ბრენდის არა მარტო კრეატიულობაზე იზრუნებს, არამედ მის სარეკლამო კამპანიაშიც გამოჩნდება.

“Puma”-ს გენერალური დირექტორის ბიორნ გულდენის თქმით, რიანასთან თანამშრომლობა მისი კომპანიისთვის უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯია:

“Puma”-სთვის რიანასთან კონტრაქტი წარმატების გარანტიაა. ის საოცრად ქარიზმატული, ამბიციური, უნიკალური და რაც მთავარია, იდეალურია ჩვენი ფირმის კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე. მოხარულები ვართ, რომ რიანა დაგვთანხმდა თანამშრომლობაზე. ერთობლივად ჩვენ ჩვენს მომხმარებელს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ.”

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “Puma” ასეთ ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობს. თებერვალში კომპანიის არტ დირექტორი ბიონსეს და, სოლანჟ ნოულზი გახდა. ფეხსაცმელების კოლექცია, რომელიც მან შექმნა, საკმაოდ სწრაფად გახდა პოპულარული და მთელი კოლექცია ელვის სისწრაფით გაიყიდა.