4 დეკემბერი, 2014

ქართველი ხელოვანები ფლეშ მობში ერთიანდებიან

artქართველი ხელოვანები ფლეშ მობში ერთიანდებიან და სრულიად საქართველოს დამდეგ შობა ახალ წელს ულოცავენ.

5დეკემბერს 11:00 საათიდან ყველაზე მასშტაბური გადაღება ევროპის მოედანზე მეტეხის ხიდთან გაიმართება. „არტპალასი“ ქართველ ხელოვანებს ძალიან მასშტაბური და კეთილი აქციით აერთიანებს. „არტპალასის“ ინიციატივით ქართველი ხელოვანები იმისთვის ერთიანდებიან, რომ დამდეგი შობა-ახალი წელი სრულიად საქართველოს მიულოცონ. მილოცვას მუსიკალური კლიპის „ფლეშ მობის”-ის სახე ექნება, რომელშიც მონაწილეობენ უფროსი თაობის ცოცხალი ლეგენდები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ახალგაზრდა არტისტები და სხვა კულტურის სფეროს მოღვაწეები. პროექტში 1000-მდე ქართველი ხელოვანია ჩართული.

კლიპში გამოყენებულია ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერა „ფიფქები“, რომელიც სპეციალურად ამ აქციისთვის „არტპალას რექორდსმა“ ახლებური არანჟირებით წარმოუდგინა ქართველ მსმენელს.
კლიპის პირველი გადაღებები 3 დეკემბერს მარჯანიშვილის, რუსთაველისა და თავისუფალი თეატრის მსახიობებით დაიწყო. 4 დეკემბერს სპორტის სასახლეში რეპეტიცია გაიმართა, ხოლო საბოლოო, მასშტაბური გადაღება ევროპის მოედანზე გაიმართება. სპეციალურად ამ აქციისთვის გადაიკეტება მეტეხის ხიდი. კლიპის რეჟისორი „არტპალას ფროდაქშენის“ ხელმძღვანელი ზაზა ორაშვილია, ხოლო დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე.

ნებისმიერ ხელოვანს, განურჩევლად ასაკისა და საქმიანობისა შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს „არტპალასის“ წამოწყებულ ორიგინალურ აქციაში და სახელოვნებო ინდუსტრიის ცოცხალ ლეგენდებთან ერთად დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცოს სრულიად საქართველოს.