4 დეკემბერი, 2014

“პრეზიდენტი” ტოკიოში დააჯილდოვეს

1prezidentiირანელი რეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ახალი ფილმი “პრეზიდენტი”, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი ასრულებს, ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს.

ფილმმა მაყურებლის სიმპათია მიიღო და კიდევ ერთი კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. “პრეზიდენტი” მაყურებელმა 15 ფილმს შორის გამოარჩია და საუკეთესოდ მიიჩნია. ჯილდო ფილმის რეჟისორმა მოჰსენ მახმალბაფმა აიღო და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთის დასახოცად კი არა, არამედ ერთმანეთის სიყვარულისთვის გაჩნდნენ:

“დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც სიცოცხლე არის და ჩვენ ამ პლანეტაზე სიყვარულისთვის მოვედით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი სამყარო აღსავსეა ძალადობით.”

ირანელი რეჟისორის ფილმში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს მიშა გომიაშვილს დიქტატორის როლი აქვს. ფილმმა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი ოქროს ჰუგო აიღო და საუკეთესო ფილმადაც დასახელდა. მაყურებლის სიმპათიის პრიზი მიენიჭა “პრეზიდენტს” ბეირუთის საერთაშორისო კინოფესტივალზეც. ფილმმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გახსნა, თბილისურ პრემიერაზე დასწრების სურვილი გამოთქვა ფილმის რეჟისორმა ქალიშვილთან ერთად.

სამომავლოდ “პრეზიდენტი” კიდევ არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზეა მიწვეული.