30 დეკემბერი, 2014

“პანორამა თბილისს” დაპირისპირება მოყვა

dddd1თბილისის საკრებულოს შენობაში “პანორამა თბილისის” საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს რამდენიმე წევრსა და მოქალაქეებს შორის, რომლებიც “პანორამა თბილისის” საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში იმყოფებიან, დაპირისპირება მოხდა.

თბილისის საკრებულოს შენობა დაცვამ სამ მოქალაქეს დაატოვებინა. როგორც მოქალაქეებმა განმარტეს, საკრებულოში “პატრიოტული ალიანსის” წარმომადგენელმა მანუჩარ მაჩაიძემ კონფლიქტი დაიწყო. მან მათ მიმართა, რომ არ სურთ თბილისის განვითარება, რადგან პროექტ “პანორამა თბილისს” ეწინააღმდეგებიან. მაჩაიძემ მათ თბილისის გამყიდველები უწოდა. დაპირისპირების შედეგად, დაცვამ სამი მოქალაქე შენობიდან გაიყვანა.

საკრებულოს შენობაში იმყოფებიან მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლები. მათი განცხადებით, “პანორამა თბილისის” საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე დღეს არ უნდა მოხდეს და ითხოვენ საკითხის გადადებას და ფართო საზოგადოების ჩართვას ამ პროექტის განხილვაში. მათ პოზიციას იზიარებს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც.

“პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლებთან მივიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, რომელმაც მათ განუცხადა, რომ სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ რამდენიმე პირს ექნება. ის, რომ საკრებულოში შემოსასვლელად მათზე დაშვებულია საშვი, არ ნიშნავს, რომ მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ.

“ტფილისის ჰამქარის” ინფორმაციით:

“საკრებულოს ბიურომ განსახილველი საკითხებიდან პანორამა არ ამოიღო. ახლა მიმდინარეობს საკრებულოს სხდომა. ეს საკითხი დღის წესრიგში 35-ეა, ჯერ მე-14-ე საკითხის განხილვაა! გარეთ მდგარი ხალხი, ვისაც საშვი ჰქონდა, სხდომაზე არ დაუშვეს. პატრულმა 4 პარტიზანი დააკავა, ვითარება დაძაბულია!”