17 დეკემბერი, 2014

ოთარ კობერიძე 90 წლისაა

otar1ქართული კინოს ვარსკვლავი ოთარ კობერიძე 90 წლისაა. ეს საპატიო თარიღი მას 17 დეკემბერს შეუსრულდა.

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე და მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა.

საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში” მსახიობად და რეჟისორად მუშაობს. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევდა მეუღლე, ასევე პოპულარული ქართველი მსახიობი ლია ელიავა. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.

“ბაში აჩუკი”, “მამულქი”, “ქალის ტვირთი”, “სხვისი შვილები”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “გენერალი და ზიზილები”, “ზღვის შვილები”, “დათა თუთაშხია”, ანთიმოზ ივერიელი”, “ალადინის ჯადოსნური ლამპარი”, “პატარა უფლისწული” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო.

სხვადასხვა წლებში ოთარ კობერიძეს მიღებული აქვს პრიზები და წოდებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

მსახიობის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ ოთარ კობერიძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა. წელს საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის უკვდავთა თაღში ოთარ კობერიძეს თავისივე სახელობის ანაბეჭდი გაუხსნეს. მუზეუმშივე გაიმართა წიგნის “ლია ელიავა” პრეზენტაცია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მსახიობმა ხელის ანაბეჭდის გახსნაზე მისვლა ვერ შეძლო, ეს საპატიო მისია მისმა ქალიშვილმა ნანა კობერიძემ შეასრულა.